LIVE

ყოველი მესამე მოქალაქის თქმით, ხშირად ოჯახისთვის საკვების საყიდელი ფული არ აქვს - NDI

16 სექ 202212:12
3 წუთის საკითხავი
clock clock 532
ყოველი მესამე მოქალაქის თქმით, ხშირად ოჯახისთვის საკვების საყიდელი ფული არ აქვს - NDI

NDI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობას ყველაზე მეტად კვლავ სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე აწუხებს.

ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ბოლო 12 თვის მანძილზე ხშირად ჰქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც ოჯახის კვებისთვის თანხა არ ჰქონდა.

უმრავლესობის აზრით, ბოლო 10 წელში, ტერიტორიულ მთლიანობასთან, სიღარიბესთან და კრიმინალთან დაკავშირებით სიტუაცია გაუარესებულია

მომავალზე საუბრისას, მოსახლეობის უმეტესობა ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას (66%), პრორუსული ძალების გააქტიურებას (58%), რუსულ სამხედრო აგრესიას (49%) და ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესებას (44%) ელის.

კვლევის თანახმად, ევროკავშირის წევრობის მხარდაჭერაში მცირედი ვარდნის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა კვლავ ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსის ერთგულია. კერძოდ, 75% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო გაწევრიანებაში მთავარ ხელშემშლელ ფაქტორად საქართველოს მთავრობის მხრიდან პოლიტიკური ნების ნაკლებობას ასახელებს (25%). 

ახალი კვლევა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხსაც შეეხო. 23 ივნისს ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მოსახლეობის უმრავლესობას (62%) სმენია. მათი უმეტესობა (56%) ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი არ გააკეთა.

ევროკავშირის კანდიდატობისთვის საჭირო რეკომენდაციების შესრულება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია (71%), თუმცა მხოლოდ 32% მოელის, რომ ხელისუფლება ამ რეკომენდაციებს შეასრულებს.

ცნობისთვის, კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში, სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.