LIVE

ოლიგარქები და პუტინის კრიტიკოსები, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს

12 სექ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1745
ოლიგარქები და პუტინის კრიტიკოსები, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს

მას შემდეგ, რაც რუსეთის უმსხვილესი კერძო ნავთობკომპანიის გამგეობის თავმჯდომარე, რუსული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, საავადმყოფოს ფანჯრიდან შემთხვევით გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა, კვლავ გააქტიურდა კითხვები იმის შესახებ, არის თუ არა რუსი ოლიგარქებისა და ვლადიმირ პუტინის კრიტიკოსების გარდაცვალების შემთხვევები შემთხვევითი და აქვს თუ არა მათ რაიმე საერთო. 

კომპანი Lukoil-ის თავდაპირველ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ რავილ მაგანოვი "მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა". მოგვიანებით რუსულ საინფორმაციო გამოშვებებში ითქვა, რომ მისი ცხედარი იპოვეს მოსკოვის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, სადაც ხშირად მკურნალობს რუსეთის პოლიტიკური და ბიზნეს ელიტა.

გავრცელებული ინფორმაციით, მაგანოვი მეექვსე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა. ზოგიერთი წყარო ამტკიცებდა, რომ ის მოწევის დროს გადმოვარდა, რადგან ფანჯარასთან სიგარეტის კოლოფი იპოვეს. საინფორმაციო საიტის RBK-ს ინფორმაციით, პოლიცია იძიებს თვითმკვლელობის ვერსიასაც.

Lukoil ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე რუსული კომპანიიდან, რომელმაც რუსეთს მარტში საჯაროდ მოუწოდა "შეიარაღებული კონფლიქტის დაუყოვნებლივ შეწყვეტა".  

მაგანოვი არ იყო Lukoil-ის პირველი ოფიციალური პირი, რომელიც საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.   

ყოფილი ტოპ-მენეჯერი ალექსანდრე სუბოტინი მაისში მოსკოვის გარეუბანში, საცხოვრებელი სახლის სარდაფში გარდაცვლილი იპოვეს. რუსული მედიის ცნობით, სახლი ეკუთვნოდა თვითგამოცხადებულ მკურნალს, შამან მაგუას, რომელიც განწმენდის რიტუალებს ატარებდა. 

მაგუამ დაადასტურა, რომ სუბბოტინი მის სახლში ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მივიდა და მოითხოვა, რომ მკურნალს, რომლის ნამდვილი სახელია ალექსეი პინდურინი, ნაბახუსევის რიტუალი ჩაეტარებინა. 

გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ სუბოტინის გარდაცვალების წინასწარი მიზეზი გულის უკმარისობა იყო.

ომის მოწინააღმდეგე ოლიგარქები უცნაურ ვითარებაში იღუპებიან

სულ მცირე კიდევ ექვსი რუსი ოლიგარქი უცნაურ ვითარებაში დაიღუპა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი წამოიწყო. ყველა მათგანს კრემლთან მჭიდრო კავშირი, უზარმაზარი სიმდიდრე, რუსულ გაზთან კავშირი და უკრაინასთან ანტი-საომარი პოზიცია ჰქონდა. 

ამან გააჩინა საერთაშორისო გამომძიებლების ეჭვები, რომ გარდაცვალების შემთხვევები, ფაქტობრივად, შეიძლება იყოს დადგმული თვითმკვლელობა ან მკვლელობა, რომელიც დაკავშირებულია უკრაინის წინააღმდეგ კრემლის აგრესიასთან ან Gazprom-ში კორუფციულ კავშირებთან.

ყველაფერი დაიწყო პეტერბურგში, ომამდე. 

უკრაინაში კონფლიქტის დაწყებამდე მხოლოდ ერთი თვით ადრე, სანქტ-პეტერბურგის მახლობლად მდებარე საკუთარ აგარაკზე გარდაცვლილი იპოვეს გაზის კომპანია Gazprom-ის აღმასრულებელი დირექტორი. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, 60 წლის ლეონიდ შულმანი სახლის სააბაზანოში გარდაცვლილი ნახეს. პოლიციის უწყების თანახმად, სავარაუდოდ, მის სხეულთან აღმოაჩინეს წერილი, რომელშიც ის ჰყვებოდა ტანჯვაზე, რომელიც ფეხის ტრავმის შემდეგ გაიარა. Gazprom-ის მტკიცებით, მან შვებულება ამ ტრავმის გამო აიღო.  

ვერსია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც ვარშავის ინსტიტუტის ანალიტიკურმა ცენტრმა განაცხადა, რომ შულმანი, Gazprom Invest-ის სატრანსპორტო სამსახურის უფროსი, ჩართული იყო რუსულ ენერგოგიგანტში შესაძლო კორუფციულ საქმეში.

24 თებერვალს დილით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 65 წლის ალექსანდრე ტიულიაკოვი, Gazprom-ის კორპორაციული უსაფრთხოების უფროსი აღმასრულებელი, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს იმავე სოფელში, სადაც შულმანის ცხედარი აღმოაჩინეს. რუსული გაზეთ Novaya Gazeta-ს ცნობით, ის ავტოფარეხში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

საზღვარგარეთ მომხდარი ორი შემთხვევიდან ერთ-ერთი არის მიხაილ უოტფორდი, რომელიც ოჯახთან ერთად გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრობდა. 66 წლის უკრაინული წარმოშობის ნავთობისა და გაზის მაგნატი, 28 თებერვალს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.  

ბრიტანეთის ხელისუფლება უოტფორდის სიკვდილს აფასებს როგორც მოულოდნელს, მაგრამ არა - საეჭვოს.

მარტში რუსი მილიარდერის ვასილი მელნიკოვისა და მისი ოჯახის ცხედრები დასავლეთ რუსეთში მდებარე ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში მის ძვირადღირებულ ბინაში იპოვეს.

მელნიკოვმა თავისი ქონება დასავლეთის მიერ დასანქცირებულ ერთ-ერთ სამედიცინო კომპანიაში მუშაობით დააგროვა. 

რუსული გაზეთი Kommersant-ის ცნობით, მელნიკოვი 41 წლის მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. მკვლელობის იარაღი, სავარაუდოდ, დანაშაულის ადგილზე აღმოაჩინეს.

კიდევ ერთი მედია ამტკიცებდა, რომ მელნიკოვის კომპანია, რომელიც რუსეთში სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს ახორციელებს, სანქციების გამო, გაკოტრების პირას იყო.

ბოლო შემთხვევა ესპანეთში დაფიქსირდა. რუსი ოლიგარქი, 55 წლის სერგეი პროტოსენია ენერგოგიგანტის Novatek-ის ყოფილი ხელმძღვანელი, რომლის პირადი ქონება 400 მილიონ ევროს შეადგენდა, 19 აპრილს ოჯახის ორ წევრთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს.

პოლიციის მიერ გაჟღერებული ოფიციალური ვერსია მოგვიანებით მისმა შვილმა კატეგორიულად უარყო. ოჯახის რამდენიმე მეგობარი ასევე გამოვიდა საჯაროდ და განაცხად, რომ პროტოსენია, ფაქტობრივად, მესამე მსხვერპლია "დადგმული თვითმკვლელობის". კატალონიის პოლიციას საქმეს ამ დრომდე აქტიურად იძიებს.

პროტოსენიასა და მისი ოჯახის გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, მოსკოვში საკუთარ ბინაში, მეუღლისა და 13 წლის ქალიშვილის ცხედრებთან ერთად, რუსი ოლიგარქის, ვლადისლავ ავაევის ცხედარი იპოვესოლიგარქის ხელში პისტოლეტი იპოვეს, ბინა კი შიგნიდან ჩაკეტილი იყო.

რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ს მიერ გავრცელებული ვერსიით, ავაევმა, პუტინის ყოფილმა მრჩეველმა და Gazprombank-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, მოკლა თავისი ცოლ-შვილი და შემდეგ თავი მოიკლა.

Euronews ასევე იხსენებს არაერთ საეჭვო შემთხვევას, როდესაც პუტინის რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანები, ოფიციალური ვერსიით, ფანჯრიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალნენ.