LIVE

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი მცირდება

10 სექ 202211:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 402
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი მცირდება

იმ ფონზე, როცა მთავრობები ენერგეტიკულ ბაზარზე ინტერვენციას გეგმავენ, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი მცირდება. 

ზედიზედ მეორე კვირაა, ფიუჩერსების საორიენტაციო ფასი ეცემა. მიმდინარე კვირაში ის 6.1%-ით შემცირდა. მიუხედავად ამისა, ფასები დაახლოებით რვაჯერ უფრო მაღალია, ვიდრე წელიწადის ამ დროს ნორმალურ ვითარებაში.

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრებმა ბლოკის აღმასრულებელ ორგანოს სთხოვეს გადაუდებელი ზომების მიღება გაზის ფასების შესამცირებლად და ენერგიით მოვაჭრეებისთვის ლიკვიდობის მიწოდებისთვის. თუმცა, არ ყოფილა მოწოდება მოთხოვნის სავალდებულო შემცირების შესახებ, რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა კრიზისის შესამსუბუქებლად.

ბლოკი აგროვებს გაზს ზამთრისთვის მოსამზადებლად, ხოლო რუსეთი ზღუდავს მიწოდებას უკრაინაში ომის გამო. კრიზისს შორსმიმავალი შედეგები მოჰყვა: სასიცოცხლო მნიშვნელობის კომუნალური კომპანიების იძულება, მოიძიონ სამთავრობო დახმარება, ქარხნების დახურვა, რეგიონული ვალუტის დასუსტება და ენერგიის რაციონირების გეგმები.

მინისტრების ინიციატივაა, დააკისრონ ენერგეტიკულ კომპანიებს გადასახადი გაუთვალისწინებელი მოგებიდან, რათა სახსრები გადანაწილდეს სხვა მომხმარებლებზე. ზოგიერთი ოფიციალური პირი ითხოვს ფასების ლიმიტების დაწესებას იმპორტირებულ გაზზე. საბოლოოდ, ისინი შეთანხმდნენ, რომ წინადადება საჭიროებს გაუმჯობესებას.

ევროკომისია მომავალ კვირას, სავარაუდოდ, განსაზღვრავს კონკრეტულ ზომებს ბაზარზე ინტერვენციის შესახებ.

გასულ კვირას რუსეთის გადაწყვეტილებამ გერმანიაში კრიტიკული Nord Stream-ის გაზსადენის განუსაზღვრელი ვადით გათიშვის შესახებ, ცხადყო, რომ რუსეთი არ მიაწოდებს გაზს იმ ქვეყნებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს ფასების ლიმიტს.

გაზრდილმა მარაგებმა, თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მარაგმა და ამინდის პროგნოზმა ოქტომბრისა და ნოემბრისთვის, განაპირობა ფასების შემცირება, მაგრამ არსებობს დიდი გაურკვევლობა ზამთრის ყველაზე ცივ თვეებთან დაკავშირებით. ინდუსტრიაში მოთხოვნის განადგურება არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც შეიძლება დაეხმაროს ბაზრის დაბალანსებას.

“არ ვფიქრობთ, რომ ევროპა იძულებული იქნება ზამთარში ბუნებრივი აირის ფართოდ რაციონირება მოახდინოს, რადგან მაღალმა ფასმა უნდა მოიზიდოს საკმარისი LNG საზღვარგარეთიდან, რათა შეცვალოს შემცირებული იმპორტი რუსეთიდან და ასევე აისახოს მოთხოვნაზე. თუმცა, ვხედავთ რამდენიმე რისკ ფაქტორს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაზის რეზერვების ძალიან დაბალი დონე ევროკავშირში”, - აცხადებენ Capital Economics-ის ანალიტიკოსები.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ელენა მაზნევა და ანა შირიაევსკაია