დღეს თბილისის დროით 16:30 საათზე NASA-ს ფლორიდის ბაზიდან Artemis I მისიით მთვარეზე რაკეტა უნდა გაეგზავნა, მაგრამ ტექნიკური პრობლემის გამო, მისი გაშვება ვერ მოხერხდა.
NASA-ს განმარტებით, გაშვების დირექტორმა, ჩარლი ბლექველ-ტომპსონმა გეგმა რაკეტის ძრავის სისტემაში არსებული პრობლემის გამო შეცვალა. ინჟინრები ახლა პრობლემას სწავლობენ.
რაკეტის გაშვების შემდეგ სავარაუდო თარიღად 2 სექტემბერი სახელდება, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება პრობლემის მოგვარებაზე.
NASA გეგმავს, რომ 98 მეტრიანი რაკეტა მთვარის ორბიტის მიმართულებით საცდელად სამჯერ გააგზავნოს. თუ ყველა მცდელობა წარმატებით ჩაივლის, 2025 წელს ამავე პროგრამით, ათეულობით წლის შემდეგ, მთვარეზე ასტრონავტები გაემგზავრებიან. ამის შემდეგ, NASA მთვარეზე საცხოვრებელი და სამეცნიერო ბაზების მოწყობას გეგმავს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლორენ გრუში