LIVE

Moderna Pfizer-ს ვაქცინის ტექნოლოგიის მითვისებაში ადანაშაულებს

26 აგვ 202217:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 448
Moderna Pfizer-ს ვაქცინის ტექნოლოგიის მითვისებაში ადანაშაულებს

Moderna კონკურენტ კომპანიებს: Pfizer-ს და მის გერმანელ პარტნიორ BioNTech-ს Сovid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ტექნოლოგიის პატენტის დარღვევაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის.

Moderna ამტკიცებს, რომ Pfizer/BioNTech-მა გადაიტანა ტექნოლოგია, რომელიც მან რამდენიმე წლის წინ შეიმუშავა. 

სარჩელი შეტანილია გერმანიისა და აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატის სასამართლოებში. მოთხოვნილი თანხის ოდენობა უცნობია. 

"შეგვაქვს ეს სარჩელები, რათა დავიცვათ ინოვაციური mRNA ტექნოლოგიური პლატფორმა, რაშიც პირველები ვართ, ჩავდეთ მილიარდობით დოლარის ინვესტიცია და დავაპატენტეთ Covid-19-ის პანდემიამდე წლობით ადრე", - თქვა Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფან ბანსელმა.

Moderna-ს განცხადებით, მას mRNA ტექნოლოგიაზე პატენტები 2010 წლიდან 2016 წლამდე ჰქონდა, რამაც შესაძლებელი გახადა შეექმნა Covid-19-ის საწინააღმდეგო Spikevax-ის ვაქცინა. Pfizer-მა და მისმა პარტნიორმა BioNTech-მა ეს ტექნოლოგია ნებართვის გარეშე გამოიყენეს.    

მასაჩუსეტსის საოლქო სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიხედვით, Pfizer-მა და BioNTech-მა კლინიკურ კვლევებში ოთხი განსხვავებული ვარიანტი გამოიყენეს. მათ შორის იყო ისეთი ვარიანტები, რომლებიც Moderna-ს ტექნოლოგიისგან განსხვავდებოდა, მაგრამ საბოლოოდ Pfizer-მა და BioNTech-მა ამ ალტერნატივებზე უარი თქვეს და Moderna-ს დაპატენტებული ტექნოლოგია გადაიტანეს. 

Pfizer-ის განცხადებით, მას სარჩელი არ მიუღია და კომენტარს ვერ გააკეთებს. BioNTech-ის წარმომადგენლებმა კომენტარის მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს. 

Moderna-ს განცხადებით, ის Pfizer-BioNTech ვაქცინის ბაზრიდან ამოღებას და შემდგომი გაყიდვების გაუქმებას არ მოითხოვს. მას მიმდინარე წლის 8 მარტის შემდგომი პერიოდიდან მიყენებული ზარალის ანაზღაურება სურს. ეს მოთხოვნა არ ეხება 92 დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინის გაყიდვებს.  

კოვიდ კრიზისის დასაწყისში Moderna-მ პირობა დადო, რომ სხვა კომპანიებს მისი ტექნოლოგიის გამოყენების საშუალებას მისცემდა, რათა მათ ვაქცინების განვითარებაში დახმარებოდა, მაგრამ მიმდინარე წლის 7 მარტს განაცხადა, რომ მის კონკურენტებს Moderna-ს ინტელექტუალური საკუთრება უნდა დაეცვათ და დაპირება მხოლოდ დაბალი შემოსავლის ქვეყნებზე გავრცელდებოდა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ანჯელიკა პიბლსი და რობერტ ლანგრეტი