ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) ანგარიშის თანახმად, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებს თავშესაფრის მაძიებელთა რეკორდულმა ოდენობამ მიმართა.
2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2022 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში, ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნით განცხადება საქართველოს 8 075-მა მოქალაქემ დაწერა, რაც 2021 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 183%-ით მეტია.
ძირითადი ქვეყნები, რომლებსაც ქართველებმა მიმართეს, გასულ წელთან შედარებით, უცვლელია. განაცხადებების ოთხი მეხუთედი საფრანგეთმა (2 725), გერმანიამ (2 455) და იტალიამ (1 100) მიიღო. 10-დან ყოველი 9 აპლიკანტმა განაცხადი პირველად შეავსო.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის ომმა მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური ზეგავლენა მოახდინა საქართველოზე და, სავარაუდოდ, მას გავლენა მომავალშიც ექნება. ქვეყანაში წლიური ინფლაცია მაღალია და 2022 წლის ივნისში დაახლოებით 13%-ს შეადგენდა, რაც სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების მნიშვნელოვანმა მატებამ განაპირობა. კლების მიუხედავად, მაღალია უმუშევრობის დონე, რომელმაც 2022 წლის პირველ კვარტალში 19% შეადგინა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველომ უკრაინის დაახლოებით 24 000 მოქალაქე, რუსეთის 35 000 და ბელარუსის მოქალაქე 15 000 მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, ამან ხელი შეუწყო თბილისში ქირის ზრდას და 2022 წლის მაისში მიაღწია ყველა დროის მაქსიმუმს, რამაც საცხოვრებელი ხარჯები კიდევ უფრო გაზარდა.
ანგარიშის მიხედვით, საერთაშორისო დაცვის მიზნით, საქართველოს მოქალაქეების მიერ მიმართვიანობის ზრდის მთავარი ფაქტორი უკრაინაში რუსეთის შეჭრა იყო.
ევროკავშირის ქვეყნებში დროებითი დაცვის სტატუსი საქართველოს 390 მოქალაქეს მიენიჭა. ეს არის სპეციალური სტატუსი, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც დევნილობაში უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო არიან.
ამ პერიოდში დროებითი დაცვის სტატუსი საქართველოს მოქალაქეებისთვის მინიჭებული საერთაშორისო დაცვის ყველაზე გავრცელებული ფორმა იყო. რაც შეეხება სხვა სტატუსებს, სტატისტიკა შემდეგია: ლტოლვილის სტატუსი - 80, ჰუმანიტარული სტატუსი -160, დამხმარე დაცვის სტატუსი - 35.
გასული წლის მონაცემებითაც, საქართველო იმ ქვეყნების ათეულში იყო, რომელთა მოქალაქეებმა ყველაზე მეტი თავშესაფარი ითხოვეს ევროკავშირის ქვეყნებში.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, გასული 10 წლის განმავლობაში საქართველოდან "მწვანე ბარათის" მიღების მსურველთა რაოდენობა თითქმის გასამმაგდა. თუ 2011 წელს აპლიკაცია 39,253 ადამიანმა შეავსო, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 112,464-მდე გაიზარდა. მიმდინარე წლის მონაცემები ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.