LIVE

ივნისში ბრიტანეთში რუსული საწვავის იმპორტი განულდა - ისტორიული შემთხვევა

24 აგვ 202215:09
3 წუთის საკითხავი
clock clock 567
ივნისში ბრიტანეთში რუსული საწვავის იმპორტი განულდა - ისტორიული შემთხვევა
Jason Alden/Bloomberg

ოფიციალური მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში ივნისში რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტი არ დაფიქსირებულა, რაც სტატისტიკის წარმოების ისტორიაში პირველი შემთხვევაა. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (ONS) მიერ დღეს გამოქვეყნებული მაჩვენებლების თანახმად, რუსეთიდან საწვავის იმპორტი, რომლის ღირებულება თებერვლამდე თვეში საშუალოდ 499 მილიონ ფუნტს შეადგენდა, ნულამდე დაეცა. 

ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადების მიხედვით, მთავრობის ამბიციური მიზნის შესაბამისად, ივნისში გაერთიანებულ სამეფოში რუსეთიდან გადამუშავებული ნავთობის, ნედლი ნავთობის, გაზის ან ქვანახშირის, კოქსისა და ბრიკეტის იმპორტი არ განხორციელებულა. 

"ამან აიძულა იმპორტიორები ეძიონ ალტერნატიული გზები. გასულ თვეებში გაიზარდა გადამუშავებული ნავთობის იმპორტი საუდის არაბეთიდან, ნიდერლანდებიდან, ბელგიიდან და ქუვეითიდან, რაც ნაწილობრივ ანაზღაურებს რუსეთიდან შემცირებულ იმპორტს", - აღნიშნულია ONS-ის განცხადებაში. 

ONS-ის თანახმად, ივნისში რუსული საქონლის ექსპორტის მოცულობა 33 მილიონ ფუნტამდე შემცირდა, რაც 1997 წლის იანვარში მონაცემების წარმოების დაწყების შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, გაერთიანებულმა სამეფომ პირობა დადო, რომ წლის ბოლომდე ეტაპობრივად შეწყვეტს რუსეთის ნავთობის იმპორტს, ასევე შეეცდება, მაქსიმალურად მალე შეწყვიტოს ბუნებრივი აირის იმპორტი. 

უკრაინაში შეჭრამდე რუსეთი 24.1%-ით გაერთიანებული სამეფოს გადამუშავებული ნავთობის უდიდესი მიმწოდებელი იყო. ქვეყნის მიერ იმპორტირებული გაზის 4.9%, ხოლო ნედლი ნავთობის 5.9% რუსეთზე მოდიოდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დევიდ გუდმენი