LIVE

სახელმძღვანელოების ილუსტრაციების გამო, ჩინეთმა 27 ოფიციალური პირი დასაჯა

22 აგვ 202217:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 752
სახელმძღვანელოების ილუსტრაციების გამო, ჩინეთმა 27 ოფიციალური პირი დასაჯა

ჩინეთში ოფიციალური პირები იმის გამო დასაჯეს, რომ მათემატიკის სახელმძღვანელოების ნახატების სერიაში ჩინელი ბავშვები ლამაზები არ არიან.  

ჩინეთის განათლების სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გამომცემლობის დაახლოებით 27 თანამშრომელი სხვადასხვა სასჯელით დასაჯეს. ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ნაწილს კი საყვედური გამოუცხადეს. განცხადების მიხედვით, სახელმძღვანელოს ილუსტრაციები "მორალური განათლების ფუნდამენტურ მოთხოვნებს არ შეესაბამება".

"ილუსტრაციების ზოგადი სტილი არ შეესაბამება საზოგადოების ესთეტიკურ გემოვნებას. ზოგიერთი ილუსტრირებული პერსონაჟი უშნოა, აჩენს ღარიბ შინაგან სამყაროს და სტილს და არ ასახავს ჩვენი ერის შვილების პოზიტიურ იმიჯს", - აცხადებენ სამინისტროში. 

გამომცემლობა People's Education Press-ის დაწყებითი სკოლის წიგნების ილუსტრაციებმა ჩინურ სოციალურ მედიაში პროტესტი, მოსწავლეების გარეგნობისა და ჩაცმულობის გამო, მაისშიც  გამოიწვია, რის გამოც ბოდიშის მოხდა მოუწია.  

გასულ წლებში ჩინეთმა სახელმძღვანელოებსა და სასწავლო გეგმებზე კონტროლი გაზარდა. ამის მიზეზად ის ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდას ასახელებს. მთავრობამ უარი თქვა უცხოელ გამომცემლებზე და დაწყებით და საშუალო სკოლის მოსწავლეებს  პრეზიდენტ სი ძინპინის იდეოლოგიური სწავლება შესთავაზა. 

განათლების სამინისტროს განაცხადებით, გამომცემელმა ვერ გაიგო სახელმძღვანელოების მიზანი. მან პირობა დადო, რომ სასწავლო მასალებზე კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელების მეთვალყურეობა გაძლიერდება, რათა წიგნებით "ყოველთვის დაცული იყოს სწორი პოლიტიკური მიმართულება და ღირებულებითი ორიენტაცია." 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სარა ჟენგი