LIVE

HSBC: 2030 წლისთვის სინგაპური აზიელი მილიონერების დედაქალაქი გახდება

19 აგვ 202216:28
3 წუთის საკითხავი
clock clock 915
HSBC: 2030 წლისთვის სინგაპური აზიელი მილიონერების დედაქალაქი გახდება

HSBC Holdings-ის ანგარიშით, 2030 წლისთვის ზრდასრულ მოსახლეობაში მილიონერების წილით სინგაპური ავსტრალიას გადაუსწრებს. 

ფინანსური ცენტრის პროგნოზით, სინგაპურს მოჰყვება ავსტრალია, ჰონგ-კონგი და ტაივანი. ანგარიშის თანახმად, ამ ოთხ ადგილას მოსახლეობასთან მიმართებით, მილიონერების რიცხვი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე აშშ-ში.

HSBC-ის თანახმად, 2021 წელს რეგიონში პირველი ადგილი ავსტრალიამ დაიკავა , ხოლო სინგაპური მეორე ადგილზე გავიდა. 

 

HSBC-ის განცხადებით, აზიის ფინანსურმა სიმდიდრემ აშშ-ს გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ გადააჭარბა და რეგიონში მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა ფიქსირდება. 

ანგარიშის თანახმად, ვიეტნამში, ფილიპინებსა და ინდოეთში, სავარაუდოდ, გაორმაგდება ზრდასრულთა რიცხვი, რომლებსაც 2030 წლისთვის მინიმუმ $250,000-იანი ქონება ექნებათ. მიუხედავად ამისა, რეგიონში ასევე რჩება მილიონობით გაღატაკებული ადამიანი.

HSBC-ის განცხადებით, ანგარიში ეყრდნობა ზრდასრული მოსახლეობის შეფასებებს და პროგნოზებს, ერთ სულ მოსახლეზე საშუალო სიმდიდრისა და ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე გათვლებს.

აბსოლუტური მაჩვენებლებით, 2030 წლისთვის ჩინეთს დაახლოებით 50 მილიონი მილიონერი ეყოლება, ხოლო ინდოეთს შესაძლოა, ექვს მილიონზე მეტი ჰყავდეს. მოხსენების თანახმად, ეს მაჩვენებელი ჩინეთში ზრდასრულთა დაახლოებით 4%-ს, ხოლო ინდოეთში ზრდასრულთა 1%-ზე ნაკლებს შეადგენს. 

"აზიის მზარდი სიმდიდრე მიუთითებს სოციალურ რესურსებზე, რომლებიც საბოლოო ჯამში ხელმისაწვდომია სიღარიბიდან მილიონობით ადამიანის გამოსაყვანად. ბოლოს და ბოლოს, რეგიონს თითქმის არ აკლია კაპიტალი, მაშინაც კი, როცა ეს არათანაბრად არის განაწილებული, როგორც ეკონომიკებს შორის, ასევე ქვეყნის შიგნით", - წერს HSBC-ის აზიის მთავარი ეკონომისტი და გლობალური კვლევის აზიის თანახელმძღვანელი ფრედერიკ ნოიმანი ანგარიშში. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იოანა ოსინჯერი