
American Airlines Group 20-მდე ზებგერით თვითმფრინავს ყიდულობს. შესაბამის შეთანხმებას კომპანიამ Boom Supersonic-თან გუშინ მიაღწია.
Boom Supersonic-ის თვითმფრინავებს ტრანსატლანტიკური მგზავრობის დროის განახევრება შეუძლიათ.
"მომავლისკენ ვიყურებით, ზებგერითი გადაადგილება ჩვენი მომსახურების მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება. აღფრთოვანებული ვართ იმით, თუ როგორ ქმნის Boom-ი მოგზაურობის მომავალს როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის", - ამბობს დერეკ კერი, კომპანიის ფინანსური დირექტორი.
გარიგების თანახმად, American Airlines Group-ს, რომელიც ფლოტის ზომითა და გადაყვანილი მგზავრთა ოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, შეუძლია დამატებით შეიძინოს Boom Supersonic-ის 40 თვითმფრინავი Overture.
თვითმფრინავი 2025 წელს გამოვა და მგზავრების გადაყვანას მინიმუმ 2030 წლამდე არ დაიწყებს.
Boom-ის გეგმით, Overture მოგზაურებს მაიამიდან ლონდონში ხუთ საათზე ნაკლებ დროში გადაიყვანს, რაც ნიშნავს, რომ ის დღეს ყველაზე სწრაფ კომერციულ თვითმფრინავზე ორჯერ უფრო სწრაფი იქნება. მისი სიჩქარე საათში დაახლოებით 7,871 კმ-ს მიაღწევს და ერთდროულად 65-დან 80 ადამიანს გადაიყვანს. მისი მახის რიცხვი (ობიექტის სიჩქარე, ბგერის სიჩქარესთან მიმართებით) წყალზე 1.7 იქნება.
Boom Supersonic-ის ზებგერითი თვითმფრინავები 100%-ით მდგრად საავიაციო საწვავს გამოიყენებენ.
ზებგერითი თვითმფრინავებისადმი ინტერესი ბრუნდება თითქმის 20 წლის შემდეგ. ზებგერითი თვითმფრინავი კონკორდი კატასტროფის, ასევე საწვავთან და ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული მაღალი ხარჯების გამო, 2003 წლიდან აღარ დაფრინავს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯული ჯონსონი