
ძაღლების თემატიკის კრიპტოვალუტების ფასები საცალო ინვესტორების ენთუზიაზმის ფონზე იზრდება. ზრდას განსაკუთრებით ხელს უწყობს ეთერიუმის მოსალოდნელი პროგრამული განახლება.
Bloomberg-ის მიხედვით, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში Dogecoin-ის ფასი 14%-ით, ხოლო Shiba Inu-ს ფასი 40%-ით გაიზარდა. მიმების გარშემო შექმნილი მონეტები ზრდას ინარჩუნებენ მაშინაც კი, როცა ბიტკოინი $25,000-იან ნიშნულზეა შეჩერებული, ხოლო ეთერიუმი $2,000-ის სიახლოვეს. მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის პროგრამული განახლება, რომელიც Merge-ის სახელითაა ცნობილი, 15 სექტემბრისთვისაა მოსალოდნელი.
კრიპტო ბაზარი, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია ახლა დაახლოებით $1.2 ტრილიონს შეადგენს, გარკვეული აღდგენის ნიშნებს აჩვენებს. ეს მას შემდეგ, რაც 19 ივნისს $875 მილიარდამდე დაეცა.
გასულ კვირას შეერთებულ შტატებში მოსალოდნელზე დაბალმა ინფლაციამ გააძლიერა იმედები, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა შეძლებს შეამსუბუქოს განაკვეთების ზრდის ტემპი, რაც რისკის შემცველ აქტივებს ეხმარება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოანა ოსინგერი