LIVE

McDonald's-ი კიევსა და დასავლეთ უკრაინაში მუშაობას განაახლებს

12 აგვ 202211:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1299
McDonald's-ი კიევსა და დასავლეთ უკრაინაში მუშაობას განაახლებს
REUTERS

ომის დაწყების შემდეგ პირველად, McDonald's-ი უკრაინაში მუშაობას განაახლებს. სწრაფი კვების ქსელი იმედოვნებს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს "ნორმალიზების მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი გრძნობის” აღდგენას.

მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში კიევსა და დასავლეთ უკრაინაში ეტაპობრივად გაიხსნება რესტორნები იმ ადგილებში, რომლებიც უსაფრთხოდ ითვლება. ომის დაწყებამდე McDonald's-ს უკრაინაში 100-ზე მეტი რესტორანი ჰქონდა. მუშაობის შეჩერების მიუხედავად, კომპანია აგრძელებს ხელფასების გადახდას 10000-ზე მეტი თანამშრომლისთვის.

McDonald’s-ი მუშაობს მომწოდებლებთან და კონტრაქტორებთან, რათა უზრუნველყოს რესტორნების მზადყოფნა ხელახლა გახსნისთვის.

“ვესაუბრეთ ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც გამოთქვეს დიდი სურვილი, დაუბრუნდნენ სამსახურში და გახსნან რესტორნები უკრაინაში იქ, სადაც ეს უსაფრთხოა”, - განაცხადა უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა პოლ პომეროიმ.

“ბოლო თვეების განმავლობაში, გაჩნდა მზარდი რწმენა, რომ ეს ხელს შეუწყობს ნორმალიზების მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან გრძნობას. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ბიზნესის გახსნა დაეხმარება ადგილობრივ ეკონომიკასა და უკრაინელ ხალხს”,- ნათქვამია განცხადებაში.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ომი გამოიწვევს უკრაინის ეკონომიკის 35%-იან ვარდნას, რაც შეაფერხებს ექსპორტს, გაანადგურებს ძირითად ინფრასტრუქტურას და გამოიწვევს ათასობით ბიზნესის დახურვას.

ივნისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა დასავლურ კომპანიებს, ჩადონ ინვესტიციები ქვეყანაში. 

KFC, Nike და Zara არიან სხვა დასავლურ ბრენდებს შორის, რომლებმაც, გავრცელებული ინფორმაციით, გახსნეს მაღაზიები ქვეყანაში. 

McDonald's-მა შეაჩერა ფუნქციონირება რუსეთში და მიჰყიდა რუსული რესტორნების უმეტესი ნაწილი ადგილობრივ ლიცენზიანტს.