LIVE

Viber-ის აპლიკაციას საინფორმაციო-ტექნოლოგიურ მომსახურებას საქართველოდან გაუწევენ

09 აგვ 202215:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 502
Viber-ის აპლიკაციას საინფორმაციო-ტექნოლოგიურ მომსახურებას საქართველოდან გაუწევენ
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში (IT) საქმიანობაზე საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭა შპს “ვაიბერ ჯიეის”, რომელიც საქართველოში მიმდინარე წლის 8 აპრილს დარეგისტრირდა.
 
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შპს “ვაიბერ ჯიეი” აპირებს თავის დამფუძნებელ კომპანიას, ლუქსემბურგში რეგისტრირებულ შპს Viber Media Sàrl-ს გაუწიოს საინფორმაციო-ტექნოლოგიური მომსახურება Viber-ის აპლიკაციის სამომავლო საქმიანობის ოპერირებისა და განვითარების მიზნით.
 
"კომპანიას დაგეგმილი აქვს 2022 წლის ბოლომდე დაიქირაოს 50-მდე თანამშრომელი, როგორც iOS და Android დეველოპერები, ასევე, ხარისხის უზრუნველყოფის პერსონალი და შიდა ინტერფეისის (JAVA) დეველოპერები.
 
შპს “ვაიბერ ჯიეის” საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა, კომპიუტერული დაპროგრამება, კონსულტირება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები, საკონსულტაციო საქმიანობები კომპიუტერული ტექნოლოგიების დარგში, ციფრული პროდუქტის დამზადება ან/და მიწოდება, პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერისა და მისი განახლებული ვერსიის მიწოდების ჩათვლით, ვებგვერდის დამზადება ან/და მიწოდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
 
იმისათვის, რომ საქართველოს საწარმოს მიენიჭოს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი:
  • უნდა ჰქონდეს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
  • შეიძლება იყოს არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენელი საქართველოში, თუ ამ არარეზიდენტ საწარმოს აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
  • შეიძლება ჰყავდეს 50%-ზე მეტი წილის მქონე პარტნიორი და ამ პარტნიორს აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.