LIVE
ვიდეო
28 ივლ, 2022 14:50
მთავრობა წამლების გაიაფებას რეფერენტული ფასით გეგმავს - დეტალები
1141

ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში მედიკამენტების რეფერენტული წესით გაიაფებას გეგმავს.

2023 წლის დასაწყისიდან, კონკრეტულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდება, რაც ნიშნავს, რომ მთავრობა ფასის ზედა ზღვარს დააწესებს, რის მიხედვითაც მედიკამენტების იმპორტი და რეალიზაცია განხორციელდება. 

ამ წესის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტრო სხვა ქვეყნების ფასებს შეადარებს კონკრეტული მედიკამენტების ღირებულებას, დაადგენს გარკვეულ ფორმულას, სხვადასხვა წამალზე დააწესებს ფასის ზედა ზღვარს, რომელზე უფრო ძვირადაც ქვეყანაში ესა თუ ის მედიკამენტი ვეღარ შემოვა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტრომ დააანონსა, რეფერენტული წესი არ გავრცელდება ყველა ტიპის მედიკამენტზე. ამ ეტაპისთვის საუბარია ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე, რომელსაც მთავრობა აფინანსებს. ახალი რეგულაცია კი მომდევნო წლის დასაწყისში უნდა ამოქმედდეს. 

აღსანიშნავია, რომ რეფერენტული ფასწარმოქმნა ევროპის 36 ქვეყანაში მოქმედებს და საკმაოდ დამკვიდრებული პრაქტიკაა, თუმცა სერიოზული რისკებიც ახლავს, რადგან ფასების შედარება ისეთ ქვეყანასთან უნდა მოხდეს, რომელიც ყველაზე ახლოსაა ქართულ ჯანდაცვის სისტემასთან, ეკონომიკური მდგომარეობასა და ფარმაცევტული ბაზრის მოცულობასთან. რეგულაციის მიღების შემთხვევაში, თუკი სამინისტროს მიერ დაწესებულ ფასად მედიკამენტის შოვნა გართულდება, წამლის უფრო ძვირად შემოტანა აკრძალული იქნება, ამან კი შესაძლოა კონკრეტულ მედიკამენტებზე დეფიციტის საფრთხეც კი გააჩინოს. 

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ