LIVE
ვიდეო
26 ივლ, 2022 15:00
9,600 ლარზე მაღალი ხელფასის მქონეთა რაოდენობა წლიურად 26.3%-ით გაიზარდა - PMC
1204

2022 წლის ივნისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ხელფასის სახით 9,600 ლარზე მეტს იღებდნენ, წლიურად 26.3%-ით გაიზარდა. 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი ზრდა 74%-ია. PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისში 9,600 ლარზე მაღალი ხელფასი მთლიანი დასაქმებულების 1.5%-ს ჰქონდა.  

ივნისში დასაქმებულთა 22.9%-ის ხელფასი 600 ლარამდე იყო, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის ივნისთან შედარებით, 8.5 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

გასულ თვეში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ხელფასს იღებდნენ, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.3%-ით, ხოლო 2020 წლის ივნისთან შედარებით, 11.7%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება მოქალაქეებს, რომლებიც ხელფასის სახით 2,400 ლარზე მეტს იღებდნენ, ივნისში მათმა რაოდენობამ 17.3% შეადგინა. მაჩვენებელი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.9 პროცენტული პუნქტით, 2020 წლის ივნისთან შედარებით კი, 5.7 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი. 

2022 წლის პირველი კვარტლის შრომის ბაზრის ინდიკატორები ასე გამოიყურება:

  • სამუშაო ძალა - 1 მლნ 491 ათასი ადამიანი;
  • დასაქმებული - 1 მლნ 201 ათასი ადამიანი;
  • დაქირავებით დასაქმებული - 818 ათასი ადამიანი;
  • თვითდასაქმებული - 382 ათასი ადამიანი;
  • უმუშევარი - 290 ათასი ადამიანი;
  • სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე - 49.9%;
  • დასაქმების დონე - 40.2%;
  • უმუშევრობის დონე - 19.4%.

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის II კვარტალში BAG დასაქმების ბარომეტრმა 27.7 ქულა შეადგინა, რაც I კვარტალთან შედარებით, 2.8 ქულით გაუმჯობესებული მონაცემებია. II კვარტალში ბარომეტრის მაჩვენებელი დადებითი იყო ყველა სექტორისთვის.

2022 წლის II კვარტალში, დასაქმების ბარომეტრის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მრეწველობის სექტორში დაფიქსირდა (40 ქულა), ყველაზე დაბალი - მომსახურების სექტორში (20 ქულა).

II კვარტალში, გამოკითხული კომპანიების 29.9%-მა გაზარდა დასაქმებულთა რაოდენობა, 5.6%-მა შეამცირა, ხოლო 64.5%-მა არ შეცვალა.

გამოკითხული კომპანიების 31.8% აპირებს გაზარდოს დასაქმებულთა რაოდენობა 2022 წლის III კვარტალში, 3.7% გეგმავს შემცირებას, ხოლო 64.5% არ აპირებს რაოდენობის ცვლილებას.

III კვარტალში დასაქმების მიმართულებით ყველაზე პოზიტიური მოლოდინი, მრეწველობის სექტორში ფიქსირდება, სადაც 2022 წლის III კვარტალში, კომპანიათა 47% გეგმავს დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას.

PMC-ის თანახმად, 2022 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში, jobs.ge-ზე 36,584 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 51%-ით, ხოლო 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 123%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2022 წლის პირველ 6 თვეში, 10,695 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, 7,567 ვაკანსია - ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში, 12,267 ვაკანსია კი - ტექნიკურ/ლოგისტიკურ კატეგორიაში.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ