LIVE
ვიდეო
27 ივნ, 2022 15:45
საქართველოში განუბაჟებელი დიზელი შემოდის
1212

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, საქართველოში აღურიცხავი დიზელის საწვავი შემოდის. კერძოდ, სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებს დიზელის საწვავი ავზით, წითელი ხიდის სასაზღვრო პუნქტიდან შემოაქვთ და შემდეგ არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე დაბალ ფასად (2.80 დან 3 ლარის ფარგლებში) იყიდება.

„პროდუქტი შემოსულია აღურიცხავად, კონტრაბანდული გზით, სატრანსპორტო საშუალებებს საკუთარი სატრანსპორტო საშუალების ავზით შემოაქვთ საწვავი და აბარებენ, ფაქტობრივად ჩრდილოვანი ინდუსტრია ყალიბდება, ფასთა შორის სხვაობა ძალიან დიდია და ეს განსხვავება იგრძნობა, ჩვენთან 4.50, ხოლო აზერბაიჯანში 1.50",- აცხადებს "ბინზეს ფორმულასთან" საუბრისას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილი. 

"ბიზნეს ფორმულა" საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურს დაუკავშირდა. უწყებაში დაადასტურეს, რომ ქვეყანაში განუბაჟებელი საწვავი შემოდის, თუმცა მათივე ინფორმაციით, ბოლო 6 თვეში, 6 მილიონ ლიტრზე მეტი არადეკლარირებული დიზელის საწვავის შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

„საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - წითელი ხიდი და ლაგოდეხი აზერბაიჯანიდან შემოსული სატვირთო ავტომობილების ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, ბოლო 6 თვის მონაცემებით, 6 443 970 ლიტრზე მეტი არადეკლარირებული დიზელის საწვავის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა. აღურიცხავი პროდუქციის შემოტანა, ძირითადად სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიერ, კუსტარულად მოწყობილი საწვავის ავზებით ხორციელდება. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სამართალდარღვევას და სანქციის სახით ითვალისწინებს ფულად ჯარიმას. შემოსავლების სამსახური მოუწოდებს სატვირთო ავტომობილების მფლობელებს თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან",- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ დიზელის საწვავის ფასი ქვეყანაში რეკორდულ ნიშნულზეა. ნავთობიმპორტიორი კომპანიები ამბობენ, რომ საწვავი უკვე დეფიციტური და მარაგები მინიმალურია. ამის მიზეზი კი დიზელის მთავარი მომწოდებლის, აზერბაიჯანის მხრიდან ექსპორტის შეფერხებაა, რადგან ქვეყანაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გადაიარაღების პროცესი მიმდინარეობს.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ