LIVE
ვიდეო
10 ივნ, 2022 13:30
2007 წლიდან სურსათზე ფასები დაახლოებით 3-ჯერაა გაზრდილი - მიმოხილვა
1321

ბოლო წლებში სურსათისა და სხვა პირველადი მოხმარების საქონლის ფასების მკვეთრ ზრდაზე დიდი გავლენა აქვს მთავრობის მიერ დაწესებულ გადასახადებს, როგორც ნავთობპროდუქტებზე, ასევე თამბაქოსა და ალკოჰოლზე. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.

სასურსათო საცალო სექტორის და პირველადი მოხმარების საქონლის მიმოხილვის თანახმად, თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე გაწეულ დანახარჯებზე მთლიანი დანახარჯების საშუალოდ 10% და 4% მოდის. ხოლო საწვავი მნიშვნელოვანი შუალედური საქონელია მიწოდების ჯაჭვში. 

„საზოგადოება და ბანკებში“ აცხადებენ, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის გათვალისწინებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი 2015 წლიდან დღემდე 20%-ზე მეტად არ უნდა გაზრდილიყო, თუმცა სახეზეა ფასების მკვეთრი მატება. მკვლევარების განცხადებით, ფასების კლებას შესაძლებელია, ხელი შეუწყოს გადასახადების შემცირებამ ნავთობპროდუქტებზე.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, საქსტატის მიერ განსაზღვრული ხარჯების მიხედვით, მოსახლეობის დანახარჯების ნახევარზე მეტი მოდის პირველადი მოხმარების საქონელზე, რომელიც მოიცავს საკვებს და სასმელს, ასევე ტრანსპორტს და ის 38%-სა და 13%-ს შეადგენს. შედეგად, ფასის ზრდა საკვებზე და სასმელზე, ასევე საწვავზე, მკვეთრად მოქმედებს მოსახლეობის სამომხმარებლო კალათაზე და მსყიდველუნარიანობაზე. 

კვლევის თანახმად, შინამეურნეობების სასურსათო ხარჯების წილი მთლიან სამომხმარებლო ხარჯებში 2017 წლიდან იზრდება და 2020 წელს 47%-ს მიაღწია.

„მოსალოდნელია, რომ თითქმის ნახევარს მიაღწიოს 2021 წლის მონაცემებით. შინამეურნეობების ხარჯების ზრდა განპირობებულია სასურსათო საქონელზე ფასების მაღალი ზრდით. 2007 წლიდან დღემდე ფასები სასურსათო საქონელზე დაახლოებით სამჯერ არის გაზრდილი“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

მკვლევარების განცხადებით, ქვეყანა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია პირველადი მოხმარების საქონლის იმპორტზე

„საქართველოში იმპორტირებულმა პირველადი მოხმარების საქონელმა 2021 წელს 1.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო ყოველწლიური პირველადი მოხმარების საქონლის დეფიციტი 900 მლნ აშშ დოლარს აღწევს და შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია პირველადი მოხმარების საქონლის იმპორტზე“, - აღნიშნულია „საზოგადოება და ბანკების“ მიერ მომზადებულ მიმოხილვაში.  

კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო წლებში, სოფლის მეურნეობის სექტორში განხორციელებული სუბსიდიების მიუხედავად, რეალური წარმოება ძალიან მცირე ტემპით იზრდებამკვლევარები ამის ერთ-ერთ მიზეზად სოფლის მეურნეობაში კერძო სექტორის დაბალ ჩართულობას ასახელებენ. მათი რეკომენდაციაა, რომ მოხდეს ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და სუბსიდირების მიზნობრივი განაწილება.

ანგარიშის თანახმად, პირველადი მოხმარების საქონლის ბაზარზე მაღალი კონკურენციაა, სადაც 50-ზე მეტი მსხვილი იმპორტიორ/დისტრიბუტორი და რითეილერია წარმოდგენილი. ბაზრის მოცულობა 12 მლრდ ლარზე მეტია. ყველაზე მსხვილი რითეილერის შემოსავლები, ჯამური შემოსავლების 5%-ზე ნაკლებია. 2020 წელს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ დაახლოებით, 170,000 ადამიანი შეადგინა. მაჩვენებლების მიხედვით, 2020-ში სექტორი ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებდა. 

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ