LIVE
ვიდეო
24 მაი, 2022 13:35
პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთა უმუშევრობის მაჩვენებელი მზარდია - PMC
1034

PMC კვლევითი ცენტრის ანგარიშის თანახმად, ბოლო 5 წლის განმავლობაში პროფესიული განათლებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო დანახარჯები იზრდება. 2017 წელს პროფესიული განათლების დასაფინანსებლად 36 მილიონი ლარი დაიხარჯა, 2021 წლისთვის კი მაჩვენებელი 67 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

ამის მიუხედავად, ქვეყანაში პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთა უმუშევრობის დონე იმატებს. თუ 2017 წლის კურსდამთავრებულების 32% იყო უმუშევარი, 2018 წლის კურსდამთავრებულთა შემთხვევაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ ერთი პროცენტით შემცირდა, 2019 წლის კურსდამთავრებულებიდან კი უმუშევარი 45% იყო.  

PMC-ში აღნიშნავენ, რომ პროფესიული განათლების კურსდამთავრებულებს შორის დასაქმება უფრო მაღალი იყო საქართველოში შრომის ბაზარზე არსებულ ვითარებასთან შედარებით, თუმცა კურსდამთავრებულების მნიშვნელოვანი ნაწილი მიღებული პროფესიით ვერ დასაქმდა.

ამასთან, საქართველოში პროფესიული განათლების ბოლო ხუთი წლის ტენდენციების მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ უმაღლეს განათლებასთან შედარებით, სახელმწიფო დანახარჯები პროფესიულ განათლებაზე საგრძნობლად დაბალია.

„გაანალიზებულ პერიოდში საშუალო წლიური სახელმწიფო დანახარჯები პროფესიულ განათლებაზე 47 მილიონი ლარი იყო, რაც სამჯერ ნაკლებია უმაღლეს განათლებაზე გაწეულ ხარჯებთან შედარებით (149 მილიონი ლარი)“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

2017 წლიდან 2021 წლამდე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა, 25%-ით, 94 დაწესებულებამდე შემცირდა. თუმცა, 2021 წელს 2020-თან შედარებით, მაჩვენებელი ოდნავ გაიზარდა.

„პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შემცირება კერძო დაწესებულებების კლებით იყო განპირობებული. 2017 წლიდან 2021 წლამდე კერძო დაწესებულებების რაოდენობა 83-დან 52-მდე შემცირდა.

გასაკვირი არ არის, რომ გაანალიზებულ პერიოდში, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების კლებასთან ერთად, პროფესიული განათლების პროგრამების საერთო რაოდენობაც შემცირდა (658-დან 449-მდე)“, - აცხადებენ PMC კვლევით ცენტრში.

მიმოხილვის თანახმად, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობის შემცირების გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს პროფესიული განათლების პროგრამების აკრედიტაციის პროცედურებში შეტანილი ცვლილებები.

„2018 წელს პროფესიული პროგრამები გადავიდა მოდულურ სისტემაზე და გაიზარდა საგანმანათლებლო პროგრამების ხანგრძლივობა (საშუალოდ 9 თვიდან 1.5 წლამდე). მრავალი კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ცვლილებები დიდ გამოწვევას წარმოადგენდა, რადგან მათ არ შეეძლოთ სწავლების უფრო რთული მეთოდის დანერგვა. აღნიშნულმა ცვლილებებმა ერთი მხრივ შეამცირა სასწავლებლებისა და პროგრამების რაოდენობა, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პროფესიული განათლების ხარისხის ზრდას ხელი შეუწყო“, - აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის მიმოხილვაში.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების კლებამ გავლენა მოახდინა პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისა და ჩარიცხული სტუდენტების სტატისტიკაზე. წლების მიხედვით მაჩვენებელი ასე გამოიყურება:

  • 2017 წელი - დარეგისტრირდა 21 900 აპლიკანტი და ჩაირიცხა 15 600;
  • 2018 წელი - დარეგისტრირდა 17 900 აპლიკანტი და ჩაირიცხა 11 800;
  • 2019 წელი - დარეგისტრირდა 16 600 აპლიკანტი და ჩაირიცხა 11 500;
  • 2020 წელი - დარეგისტრირდა 14 300 აპლიკანტი და ჩაირიცხა 9 400.

რაც შეეხება გასულ წელს, მაჩვენებელი გაიზარდა. 2021 წელს პროფესიულ სასწავლებლებში 19 500 აპლიკანტი დარეგისტრირდა და აქედან 11 200 სტუდენტი გახდა.

კვლევის მიხედვით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების გეოგრაფიული განაწილება აჩვენებს, რომ პროფესიულ განათლებაზე წვდომა შედარებით არათანაბარია თბილისსა და სხვა რეგიონებს შორის. პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისშია (სასწავლებლების მთლიანი წილის 45% და ჩარიცხულ სტუდენტთა 38%), შემდეგ მოდის აჭარა (სასწავლებლების 14% და ჩარიცხული სტუდენტების 15%). ყველაზე დაბალი მაჩვენებლები კი ფიქსირდება გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ასევე, მცხეთა-მთიანეთში.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ