LIVE
ვიდეო
21 იან, 2022 13:40
ავტომობილში „კატალიზატორის“ ქონის ვალდებულება გადავადდა - დავით მესხიშვილი
1356

ავტომობილების ინსპექტირების ტექნიკურ რეგლამენტში რამდენიმე ვალდებულების ამოქმედება გადავადდა. ამის შესახებ „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„2023 წლამდე ავტომობილში სავალდებულო არ იქნება: ხმაურის ჩამხშობი სისტემისა და ჩამკეტების, ცეცხლმაქრის, გამაფრთხილებელი სამკუთხედისა და გატაცების საწინააღმდეგო მოწყობილობის ქონა. ასევე არ ამოქმედდება „კატალიზატორის“ ქონის ვალდებულება, გარდა იმ ავტომობილებისა, რომლებიც პირველად რეგისტრაციას გაივლიან პირველი იანვრიდან. „კატალიზატორი“ მოეთხოვებათ ახალ იმპორტირებულ ავტომობილებს“,- აცხადებს დავით მესხიშვილი.

მისივე განმარტებით, გადავადდა ავტომობილში გამონაბოლქვის კონტროლის გამკაცრებაც.

„მომავალი წლიდან CO-ს დასაშვები ნორმა კვლავ 0.6% იქნება იმ ავტომობილებისთვის, რომლებიც ქვეყანაში დარეგისტრირდნენ 2020 წლის პირველ აპრილამდე. ხოლო ავტომობილებისთვის, რომლებიც 2020 წლის პირველი აპრილიდან დარეგისტრირდნენ, შემდეგი ნორმები მოქმედებს: CO დატვირთული ბრუნვით 0.3%, დაუტვირთავი ბრუნვით 0.5%, მათ ასევე მოეთხოვებათ ლამბდა კოეფიციენტი (კატალიზური კონვერტორი) რომლის დადგენილი ნორმაა 1+- 0.03%. გამკაცრება კი ეტაპობრივად მოხდება. კერძოდ, ეს ნორმა 2023 წლიდან - 0,55% იქნება (2020 წლის პირველ აპრილამდე რეგისტრირებულებისთვის), 2024 წლიდან - 0,5%, ხოლო უკვე 2025 წლიდან  (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) - 0,3%“, - წერს დავით მესხიშვილი. 

შეგახსენებთ, ავტომობილში გამონაბოლქვის კონტროლი 2022 წლის პირველი იანვრიდან უნდა გამკაცრებულიყო. ამავე პერიოდიდან უნდა ამოქმედებულიყო სატრანსპორტო საშუალებაში „კატალიზატორის“, ხმაურის ჩამხშობი სისტემისა და ჩამკეტების, ცეცხლმაქრის, გამაფრთხილებელი სამკუთხედისა და გატაცების საწინააღმდეგო მოწყობილობის ქონის ვალდებულება.  

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ