LIVE
ვიდეო
20 იან, 2022 20:00
ბიზნესის ნაწილი ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადავადებას კიდევ ერთხელ ითხოვს
1094

კერძო სექტორის ნაწილი ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადავადებას კიდევ ერთხელ ითხოვს. ბიზნესის ნაწილი აცხადებს, რომ რეფორმასთან დაკავშირებით ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება.

გენერაციის ობიექტებისთვის ბუნდოვანია, თუ როგორ ჩამოყალიბდება ბირჟაზე ვაჭრობისას ელექტროენერგიის ფასები. მათი თქმით, არსებობს რისკი, რომ განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში ელექტროენერგიაზე ძალიან დაბალი ფასები დაფიქსირდეს, რაც კომპანიებს არაერთ პრობლემას შეუქმნის.

ამასთან, გენერაციის ობიექტებისთვის პრობლემურ საკითხად რჩება ვალდებულება, რომლის ფარგლებშიც მათ წინასწარ უნდა დაგეგმონ, თუ რა რაოდენობის ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა განუცხადა, ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით, უმჯობესი იქნება თუ ენერგეტიკული ბირჟის სრულად ამოქმედება გადავადდება და სატესტო რეჟიმში ვაჭრობა კიდევ რამდენიმე თვით გაგრძელდება.

„ბირჟასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა რჩება და კარგი იქნება თუ მის სრულად ამოქმედებამდე ყველა პრობლემური საკითხი გადაიჭრება. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ე.წ. უბალანსობის საკითხი. ანუ ის გარემოება, რომ ელექტროენერგიის მიმწოდებლებმა და შემსყიდველებმა წინასწარ უნდა დაგეგმონ საათობრივ ჭრილში, თუ რა რაოდენობის ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ და მოიხმარენ. ეს კი მცირე და საშუალო ჰესებისთვის მათი სპეციფიკის გათვალისწინებით საკმაოდ რთული ამოცანა იქნება. ამიტომ უმჯობესია, სატესტო რეჟიმი უფრო ხანგრძლივად გაგრძელდეს“,- განაცხადა მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მარგებაძემ.

ცნობისთვის, ენერგეტიკული ბირჟა ჯერ კიდევ შარშან 1 ივლისს უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა მაშინ მისი გადავადების მთავარ მიზეზად ბაზრის მონაწილეების არასაკმარისი მზაობა დასახელდა. მოგვიანებით ბირჟის ამოქმედება კიდევ ერთხელ, ამჯერად მიმდინარე წლის 1 მარტამდე გადაიდო.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ