LIVE
ვიდეო
19 იან, 2022 18:30
თიზები: პრობლემაა საგადასახადო პრაქტიკის ცვლილება და მოძველებული კანონმდებლობა
1617

ვიდრე მთავრობა ახალი ტიპის სპეციალური ზონების შექმნაზე მუშაობს, ქვეყანაში უკვე არსებული ინდუსტრიული ზონები არაერთი პრობლემის წინაშე დგანან.

თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისთვის კვლავ პრობლემურია შემოსავლების სამსახურის მხრიდან საგადასახადო პრაქტიკის მოულოდნელი ცვლილება. კერძოდ, როგორც თიზების წარმომადგენლები განმარტავენ, ბოლო რამდენიმე წელია საგადასახადო უწყება ინდუსტრიულ ზონებში მოქმედი სავაჭრო კომპანიების ნაწილს და ასევე სერვისის მიმართულებით მომუშავე კომპანიებს მოგების გადასახადის გადახდას სთხოვს.

პარალელურად, თიზების წარმომადგენლები მოძველებულ მიდგომებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ არსებული საკანონმდებლო ბაზა, მათ შორის დაბეგვრის მოდელი ახალ რეალობას ვეღარ პასუხობს.

„2019 წელს შემოსავლების სამსახურმა მიდგომა შეცვალა და კომპანიებზე, რომლებიც სერვისსა და მომსახურებაზე არიან ორიენტირებულები, საგადასახადო შეღავათები აღარ ვრცელდება. შესაბამისად, ისინი ვალდებულები არიან მოგების გადასახადი გადაიხადონ. უკვე შარშან ეს ვალდებულება გაუჩნდა თიზებში მოქმედი სავაჭრო კომპანიების ნაწილსაც. გამოდის, რომ მსგავსი კომპანიების მოზიდვას ჩვენ ვეღარ შევძლებთ. ამიტომ, ვითხოვთ, რომ ეს მიდგომა გადაიხედოს. რაც შეეხება თავად თიზების მიმართულებით არსებულ კანონმდებლობას, საკანონმდებლო ბაზა ძალიან მოძველებულია და ის არსებულ გამოწვევებს ვეღარ პასუხობს. კერძოდ, ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში საგადასახადო ლიბერალიზაციის მიმართულებით ბევრი ნაბიჯი გადაიდგა და შესაბამისად, ამ ნაწილში თიზების უპირატესობაც სულ უფრო მცირდება. ამიტომ, ვფიქრობთ, ეს მიმართულებაც გადასახედია“,- განუცხადა „ბიზნეს ფორმულას“ ქუთაისის თიზის ხელმძღვანელმა, სოსო ნიბლაძემ.

ცნობისთვის, სწორედ საგადასახადო პრაქტიკის ცვლილების გამო თიზში მომუშავე სერვისის მიმწოდებელი კომპანიების ნაწილს შემოსავლების სამსახურთან კვლავ დავა აქვს. კერძოდ, კომპანიებს მიაჩნიათ, რომ საგადასახადო უწყების მოთხოვნა მოგების გადასახადთან დაკავშირებით გაუმართლებელია. განსაკუთრებით იმ ნაწილში, როდესაც შემოსავლების სამსახური ძველი პერიოდის დავალიანების გადახდასაც ითხოვს.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ