LIVE
ვიდეო
18 იან, 2022 16:07
ოკუპირებულ აფხაზეთში მაგთი ფიქსი კვლავ არ მუშაობს
1663

მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაციების კომისიამ "მაგთიკომს" მაგთი ფიქსის მომსახურების ლიცენზია არ გაუუქმა, აბონენტები ერთმანეთთან კომუნიკაციას ვერ ახერხებენ. 

"მაგთიკომის" განცხადებით, კომპანიას მაგთი ფიქსის მომსახურება არ შეუჩერებია, თუმცა მოძველებული ტექნოლოგიის გამო, სერვისის მხარდაჭერა და შენარჩუნება უჭირს. 

"მაგთიკომს აბონენტებისთვის, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მომხმარებლისთვის, არ გაუთიშავს მაგთი ფიქსის მომსახურება. რამდენადაც მაგთი ფიქსი მოძველებული ტექნოლოგიაა, ფიზიკურად რთულია ამ სერვისის მხარდაჭერა და შენარჩუნება. ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ობიექტური მიზეზების გამო, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, კონკრეტული აბონენტების ლოკალური პრობლემის მიზეზი შევაფასოთ",- განუცხადეს "ბიზნეს ფორმულას" "მაგთიკომში".

კომუნიკაციების კომისიაში კი აცხადებენ, რომ თავის დროზე "მაგთიკომს" მაგთი ფიქსის გაუქმების უფლება, სწორედ, იმ მიზეზით არ მიეცა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის ის მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო წყაროა.

მარეგულირებელი აღნიშნავს, რომ კომპანიას მისი გათიშვის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ ქსელის სრულად გათიშვის აღმოფხვრა შეუძლებელია. 

კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, მაგთი ფიქსს 1663 რეგისტრირებული აბონენტი ჰყავს, საიდანაც აქტიური 588.

"მაგთიკომს" უკვე რამდენიმე წელია, რაც მაგთი ფიქსზე ლიცენზიის შეწყვეტა სურს. მიზეზი მოძველებული აპარატები და მომხმარებელთა სიმცირეა. მიუხედავად კომპანიის არაერთი მოთხოვნისა, კომუნიკაციების კომისიამ მას უარი ბოლოს 2021 წლის აპრილში უთხრა. მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, "მაგთიკომი" ვალდებულია, მაგთი ფიქსის მომსახურება ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, 2029 წლამდე გააგრძელოს.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ