LIVE
ვიდეო
17 იან, 2022 18:10
სილაგავა: წისქვილკომბინატები ჩერდება - თუ ასე გაგრძელდა, შეგვიმცირდება ხორბლის მარაგი
1718

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი ლევან სილაგავა  პრემიერთან და მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრას ითხოვს. სილაგავას განმარტებით, ხორბლისა და ფქვილის იმპორტს შორის, ამჟამად არსებული პარიტეტი შესაძლოა, პურის გაძვირების მიზეზი გახდეს. მისი განცხადებით, კარგი იქნება თუ ქართული მხარე ფქვილის იმპორტზე გადასახადს გაზრდის.

„მთავრობამ უნდა მიიღოს სარკისებური გადაწყვეტილება. რამდენი გადასახადიც არის ხორბლის შემოტანაზე რუსეთიდან, ანუ $98 იმდენივე უნდა დავაწესოთ ფქვილის იმპორტზეც. ეს შექმნის კონკურენციის სწორ პირობებს“,- განაცხადა სილაგავამ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში.

მისი თქმით, საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლის გაძვირება და რუსეთის მიერ ხორბალზე საბაჟო გადასახადის გაზრდა საქართველოში წისქვილკომბინატების გაჩერების მიზეზი გახდა.

„ხორბლის გაძვირებების გამო ხორბლისა და ფქვილის იმპორტს შორის დიდი დისბალანსი შეიქმნა. დეკემბერში ქვეყანაში 7 ათასი ტონა ფქვილი შემოვიდა და მხოლოდ 6 ათასი ტონა ხორბალი. ამან სერიოზულად გადაალაგა ბაზარი და ხორბლის შემოტანამ აზრი დაკარგა. წისქვილკომბინატებმა დაიწყეს გაჩერება და ხორბლის ნაცვლად ფქვილის იმპორტზე გადაერთნენ. თუ ასე გაგრძელდა, დაგვჭირდება ქატოს შემოტანა, დაიკარგება დაახლოებით 5 ათასი სამუშაო ადგილი და შეგვიმცირდება ხორბლის სტრატეგიული მარაგი“,- აცხადებს სილაგავა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საკითხზე კომენტირებისას მედიასთან განაცხადა, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგების ამოწურვის საფრთხე არ არსებობს. 

„სასურსათო მარაგების მონიტორინგს მუდმივად ვახორციელებთ. მას საფრთხე არ ემუქრება. ვფიქრობ, ცოტა უპასუხისმგებლოა ბიზნესის განცხადება იმის თაობაზე, რომ სახელმწიფოსთან დადებული მემორანდუმიდან გადიან. ამიტომ ბიზნესსექტორს მოვუწოდებ, მეტად პასუხისმგებლიანი იყოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სასურსათო უსაფრთხოების კუთხით ნაბიჯები გადავდგათ ისე, რომ პირველ რიგში გვქონდეს ადეკვატური მარაგები და მოსახლეობას უწყვეტად მიეწოდებოდეს ყველა პროდუქტი. მეორე მხრივ კი, ეს მიზანი მიღწეული უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად ნაკლები დანახარჯებით. შესაბამისად, ამ მოცემულობებიდან გამომდინარე ისეთ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, რომლებიც ქვეყნის, მოსახლეობის და ბიზნესის ინტერესში იქნება. მხოლოდ ერთი მხარის ინტერესს ვერ გავითვალისწინებთ", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

მინისტრის განცხადებით, სექტორის წარმომადგენლებთან დიალოგი გაგრძელდება. 

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს რუსეთმა ხორბლის საექსპორტო გადასახადი  რამდენჯერმე, $98-მდე გაზარდა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ