LIVE
ვიდეო
30 დეკ, 2021 14:55
ნარმანია: კრიტიკული მდგომარეობაა - თუ ასე გაგრძელდა, გაითიშება მთელი მესტია
1044

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში უკანონო მაინინგი სერიოზულ პრობლემას ქმნის და აუცილებელია, რომ სამართალდამცავებს შესაბამისი რეაგირება ჰქონდეთ.

„უკანონო მაინინგის შედეგად, წელს მესტიის მუნიციპალიტეტში კრიტიკული მდგომარეობაა შექმნილი. ვერ შეეწირება ტურისტული სეზონი რეგიონში, ვიღაცეების მიერ მაინინგით თანხების გამომუშავებას. „ენერგოპრომ" ამ პრობლემის მოსაგვარებლად უკვე მიმართა ძალოვნებს და ამის გაკეთებას ჩვენც ვაპირებთ. თუ ასე გაგრძელდა, გაითიშება მთელი მესტია. ტრანსფორმატორები, გადამცემი სისტემა ვეღარ უძლებს დატვირთვას“,- განაცხადა ნარმანიამ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში.

მისივე თქმით, „ენერგოპრომ" სემეკს მიმართა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტი ამოიღონ მისი სალიცენზიო არეალიდან. 

„შექმნილ სიტუაციაში ერთ-ერთი ალტერნატივაა, რომ შეიქმნას მუნიციპალური გამანაწილებელი კომპანია, რომელსაც გადაეცემა იქ არსებული ინფრასტრუქტურა. შესაძლოა ეს იყოს გამოსავალი, თუმცა ვფიქრობ, მუნიციპალურ კომპანიასაც იგივე პრობლემები შეექმნება“,- აცხადებს ნარმანია.

ცნობისთვის, მესტია ზამთრის ტურისტულ სეზონს ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკით ხვდება, რისი მიზეზი ადგილობრივების მიერ კრიპტოვალუტის მაინინგისთვის ელექტროენერგიის უკონტროლო მოხმარებაა. რეგიონი, რომელსაც საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის სულ 7 მეგავატი ელექტროენერგია სჭირდება, რეალობაში 4-ჯერ მეტს მოიხმარს. მესტიის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარება 237%-ით არის გაზრდილი. სვანეთში აქტიური მაინინგის მიზეზი ისაა, რომ მოსახლეობა ელექტროენერგიის საფასურს არ იხდის.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ