ვიდეო
24 ნოე, 2021 18:20
მთავრობის მორიგი დაპირება - რა ბედი ელის ე.წ საპენსიო სესხებს
107

მთავრობა საპენსიო გასაცემლების ახალი ტენდერის პირობებზე ამ დრომდე მუშაობს. როგორც ირკვევა, სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია ბაზრის მოკვლევას ატარებს და იგეგმება, რომ ახალი ტენდერი წლის ბოლომდე გამოცხადდეს.

როგორც კომისიის მუშაობაში ჩართულ პარტია „სტრატეგია აღმაშენებელში“ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩატარებულ შეხვედრებზე რამდენიმე მოსაზრება გამოითქვა, თუ როგორ უნდა შემცირდეს ე.წ. საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთები.

„ბაზრის მოკვლევა მიმდინარეობს, რათა დადგინდეს ტენდერის ახალი პირობები. ჩვენ ისევ იმ აზრზე ვრჩებით, რომ საპენსიო სესხების პროცენტის შემცირების საუკეთესო გზა კონკურენციის ზრდაა, რისთვისაც პენსიების დარიგების პროცესში სხვადასხვა კომერციული ბანკების ჩართულობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. შეხვედრებზე ასევე გამოითქვა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია რეგიონებში, სადაც ნაკლები ხელმისაწვდომობაა, მთავრობის მხრიდან პენსიების მიწოდების პროცესის სუბსიდირება განხორციელდეს, რაც საპენსიო სესხების პროცენტსაც შეამცირებს“, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, პენსიებთან დაკავშირებული საბანკო მომსახურების ახალი პირობების დადგენის მიზნით უწყებათაშორისი კომისია ზაფხულში ჩამოყალიბდა. ამ პროცესს კი ე.წ. საპენსიო სესხებთან დაკავშირებით გამართული საპარლამენტო დისკუსიები და პრემიერის განცხადება უძღოდა წინ. ჯერ კიდევ ზაფხულში ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ აღნიშნულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები უნდა შემცირდეს.

მეტის ჩვენება