LIVE
ვიდეო
23 ნოე, 2021 15:20
სახელმწიფო სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება - TI
1683

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI) სახელმწიფო საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა (სსიპ) და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში (ა(ა)იპ) კორუფციის რისკებზე მიუთითებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, წლიდან წლამდე სულ უფრო დიდი საბიუჯეტო რესურსი იხარჯება სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებზე, იზრდება მათი რაოდენობა, თანამშრომლების რიცხვი, ხოლო გამჭვირვალობა და მონიტორინგის მექანიზმები, კვლავ მინიმალურია.

"მათზე არ ვრცელდება ანტიკორუფციული კანონმდებლობა და რიგი ვალდებულებები, რაც ვრცელდება საჯარო მოსამსახურეზე ამიტომ, ასეთი ორგანიზაციის შექმნა და მათში ბიუჯეტის თანხის ჩადება პრობლემაა, ვინაიდან ნაკლებია კონტროლის მექანიზმები, თუ როგორ იხარჯება საბიუჯეტო თანხა და ეს ავტომატურად ქმნის კორუფციის რისკებს",- განაცხადა "ბიზნეს ფორმულას" ეთერში "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" უფროსმა ანალიტიკოსმა, სანდრო ქევხიშვილმა.

TI-ის კვლევის თანახმად, 12 უწყებას 2017 წლისთვის 45 სსიპ-ი ექვემდებარებოდა, 2020 წლის ბოლოსთვის კი, სსიპ-ების რაოდენობა იმავე უწყებების ფარგლებში 54-მდე გაიზარდა. 2017 წელს 15 უწყებას 33 ა(ა)იპ ექვემდებარებოდა, 2020 წლის ბოლოსთვის კი, 17 უწყების დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ-ების რაოდენობა 51-მდე გაიზარდა. ამასთან, მათი დაფუძნების კრიტერიუმები ბუნდოვანია და ხშირად ჩნდება კითხვა, რატომ არის კონკრეტული ორგანიზაციის შექმნა საჭირო იმ ფუნქციების შესასრულებლად, რაც სამინისტროს ან მერიის უშუალო მოვალეობას წარმოადგენს.

ამასთან, 2017 წელს 26 ა(ა)იპ-ში საშტატო თანამშრომლების ანაზღაურებაზე 14 მილიონი ლარი დაიხარჯა, 2020 წლის ბოლოსთვის კი ეს რიცხვი 38.4%-ით გაიზარდა და თითქმის 20 მილიონი ლარი შეადგინა.

TI-ის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებმა უარი თქვან არასაჭირო სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების შექმნაზე, ასევე, ამ ორგანიზაციებში თანამშრომლების (განსაკუთრებით შტატგარეშე თანამშრომლების) რაოდენობის და ხარჯების დაუსაბუთებელ მატებაზე. ამასთან, კანონით მკაფიოდ განისაზღვროს სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების შექმნის კრიტერიუმები.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ