LIVE
ვიდეო
17 ნოე, 2021 16:45
მთავრობა 2022 წლის საპრივატიზებო გეგმას ₾100 მილიონით ზრდის
1269

მთავრობა 2022 წლის საპრივატიზებო გეგმას 100 მლნ ლარით ზრდის. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის მიხედვით, მთავრობა ელის, რომ მომავალ წელს პრივატიზაციიდან 300 მლნ ლარს მიიღებს.

როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, გაზრდილი საპრივატიზებო გეგმა კერძო სექტორის მხრიდან სახელმწიფო ქონების მიმართ მზარდ ინტერესს უკავშირდება.

თავად ბიზნესი კი პრივატიზაციის არასწორ პოლიტიკაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მთავრობას სახელმწიფო ქონების ნაწილი არაადეკვატურად მაღალ ფასად გამოაქვს გასაყიდად.

„ვფიქრობ, გათვალისწინებული უნდა იყოს არსებული კრიზისული ვითარება და მთავრობამ საპრივატიზებო ობიექტები გასაყიდად უფრო დაბალ ფასად გამოიტანოს. სახელმწიფო ქონების ნაწილი დღეს საკმაოდ მაღალ ფასად იყიდება, ბიზნესს კი მოცემულ ვითარებაში აღარ აქვს საკმარისი ფულადი რესურსი. შესაბამისად, უმჯობესია, რომ მთავრობამ შეამციროს რიგი ობიექტების საპრივატიზებო ფასი, რაც უფრო აქტიურ პრივატიზაციის პროცესს უზრუნველყოს“,- განაცხადა „ბიზნეს ფორმულასთან“ მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტმა, მიხეილ ჭელიძემ.

ცნობისთვის, 2021 წლის 9 თვეში ბიუჯეტმა პრივატიზაციიდან 162 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღო. მიმდინარე წლის საპრივატიზებო გეგმა კი 350 მლნ ლარს შეადგენს.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ