LIVE
ვიდეო
19 ოქტ, 2021 20:00
2023 წლიდან სახელმწიფო საწარმოების ნაწილის ვალდებულებები მთავრობის ვალში შევა
2130

2023 წლიდან სახელმწიფო საწარმოების ნაწილის ვალდებულებები მთავრობის ვალში აღირიცხება. როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, შესაბამისი ცვლილებები საბიუჯეტო კოდექსში უკვე ინიცირებულია და სამთავრობო ვალში იმ კომპანიების ვალდებულებები შევა, რომლებიც ბიუჯეტზე ახლაც მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული.

შედეგად, მოსალოდნელია, რომ მშპ-სთან მიმართებაში სახელმწიფო ვალის მოცულობა გაიზარდოს. კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ დასკვნაში ნათქვამია, რომ მსგავსი საწარმოების ვალდებულებების მოცულობა საორიენტაციო შეფასებით, 310 მილიონ ლარს და მშპ-ს 0.5%-ს შეადგენს.

მართალია, სახელმწიფო სექტორის კლასიფიკაციის ცვლილება და მთავრობის ვალში ბიუჯეტზე დამოკიდებული სახელმწიფო კომპანიების ვალდებულებების შეყვანა საერთაშორისო პრაქტიკაა, თუმცა სპეციალისტები მსგავს ცვლილებებში გარკვეულ რისკებს ხედავენ. კერძოდ, სახელმწიფო კომპანიების გაუარესებული ფინანსური მაჩვენებლების ფონზე იზრდება რისკი, რომ საბოლოოდ ამ საწარმოების ვალდებულებების ნაწილი ბიუჯეტის გასასტუმრებელი გახდეს.

„სახელმწიფო საწარმოების ნაწილი წლიდან წლამდე ზარალზეა და მსგავს კომპანიებში არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობაა. სახელმწიფო სექტორის კლასიფიკაციის ცვლილებამ კარგად გამოაჩინა, რომ ბევრი სახელმწიფო საწარმო არ ეწევა ბიზნესსაქმიანობას და არასაბაზრო პრინციპებით იმართება. შესაბამისად, სულ უფრო იზრდება რისკი, რომ ბიუჯეტს მსგავსი კომპანიების ვალდებულებების დაფარვაც მოუწიოს“,- განაცხადა „ბიზნეს ფორმულასთან“ PMCG-ის ეკონომისტმა, მიხეილ კუკავამ.

ცნობისთვის, სახელმწიფო სექტორის კლასიფიკაციის ცვლილება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი ბოლოდროინდელი რეკომენდაციაა. ამასთან, მთავრობამ უკვე განსაზღვრა იმ სახელმწიფო კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც სამთავრობო სექტორს მიეკუთვნება, თუმცა მათი ვალდებულებები მთავრობის მთლიან ვალში ჯერჯერობით არ ასახულა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ