LIVE
ვიდეო
15 ოქტ, 2021 11:20
9 თვეში $1.7 მილიარდი - საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილები ისტორიულ მაქსიმუმზეა
1086

მიმდინარე წელს საქართველომ რეკორდულად მაღალი რაოდენობის ფულადი გზავნილები მიიღო. 9 თვეში ქვეყანაში $1.7 მილიარდზე მეტი გადმოირიცხა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 28%-ით აღემატება. 36%-იანი ზრდა ფიქსირდება პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებითაც.

სექტემბერში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ 209.7 მლნ აშშ დოლარი (653.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9%-ით (17 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის სექტემბრის მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, სექტემბერში შემოსული ფულადი გზავნილები თითქმის 5 მლნ აშშ დოლარით აღემატება მიმდინარე წლის აგვისტოს მონაცემებს. სექტემბერში ევროკავშირის ქვეყნებიდან 84.19 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანი გზავნილების 40%-ია.

ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილებით კვლავ იტალია ლიდერობს 34.07 მლნ აშშ დოლარით (წლიური ზრდა თითქმის 17%). შემდეგ მოდის საბერძნეთი 19.99 აშშ დოლარით. აღსანიშნავია, რომ საბერძნეთიდან სექტემბერში გზავნილებით თითქმის 7%-ით შემცირდა. 

ყველაზე მეტი თანხა 38.57 მლნ აშშ დოლარი რუსეთიდან გადმოირიცხა (წლიური ზრდა თითქმის 10%).

2021 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.2 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2020 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16.6%-ით მეტია.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ