LIVE
ვიდეო
12 ოქტ, 2021 18:30
საქართველოს რკინიგზა კვლავ ზარალზეა - მიზეზები
1446

ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო კომპანია კვლავ ზარალზეა - საქართველოს რკინიგზა 6 თვეში 32 მლნ ლარის ზარალზე გავიდა.

კომპანიის შემოსავლებმა წლის პირველ ნახევარში 277 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 13%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. თუმცა ზარალი გასულ წლის 6 თვესთან შედარებით შემცირებულია, როდესაც რკინიგზის ზარალმა 65 მლნ ლარი შეადგინა.

ზარალის გამომწვევი მთავარი მიზეზი გარდა კურსთაშორისი სხვაობისა, გაზრდილი საპროცენტო ხარჯები გახდა, რაც თავის მხრივ რკინიგზის მიერ ევრობონდების რეფინანსირებას უკავშირდება.

რაც შეეხება ტვირთბრუნვას, ამ მიმართულებით მაჩვენებლები გაუმჯობესებულია. კერძოდ, მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველოს რკინიგზამ მთლიანობაში 8 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც 2020 წელთან შედარებით 700 ათასი ტონით გაზრდილი მოცულობაა.

„რკინიგზის მიერ გადაზიდული თხევადი ნავთობის მოცულობა 2015 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზე ფიქსირდება, რასაც ხელს უწყობს ერთი მხრივ, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების ზრდა, ასევე რეგიონში გაზრდილი წარმოება. თუმცა შედარებით ნეგატიური ტენდენციებია მშრალი ტვირთების მიმართულებით. რაც შეეხება კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს, ზარალს ევროობლიგაციასთან დაკავშირებული საპროცენტო ხარჯები და ასევე ლარის გაუფასურება განაპირობებს“,- განაცხადა „ბიზნეს ფორმულასთან“ Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, ანა ნაჭყებიამ.

ცნობისთვის, საქართველოს რკინიგზამ 2020 წელი 165 მლნ ლარის ზარალით დახურა. ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის მიხედვით, ფინანსთა სამინისტრო კომპანიას კვლავ მაღალი რისკის შემცველ სახელმწიფო საწარმოებს მიაკუთვნებს.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ