LIVE
ვიდეო
27 სექ, 2021 18:25
კადრების დეფიციტი - გლობალური და ადგილობრივი გამოწვევა
1626

ეკონომიკის აღდგენასთან ერთად გლობალურ შრომის ბაზარზე კადრებზე მოთხოვნა იზრდება, თუმცა არაერთი ქვეყანა მუშახელის დეფიციტს განიცდის.

საერთაშორისო კორპორაცია ManpowerGroup-ის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ 15 ქვეყანაში ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში კადრებზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება. ასეთი ქვეყნებია ბელგია, ამერიკა, ფინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, მექსიკა და ა.შ.

თუმცა ამავდროულად, კვლევაში აღნიშნულია, რომ გლობალურად გამოკითხული 45 ათასი კომპანიიდან 69% საწარმო საჭირო უნარ-ჩვევების მქონე კადრებს ვერ პოულობს. ეს მაჩვენებელი კი ბოლო 15 წლის მაქსიმუმზეა. კადრების განსაკუთრებული დეფიციტი ისეთ სფეროებშია როგორიცაა წარმოება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, უძრავი ქონება, ტრანსპორტი, ვაჭრობა.

პანდემიის ფონზე კადრების დეფიციტი გამოწვევა აღმოჩნდა ქართული შრომის ბაზრისთვისაც. ეს პრობლემა ყველაზე მწვავედ ჰორეკა სექტორში შეიქმნა. როგორც სტუმარმასპინძლობის დარგის წარმომადგენლები აღნიშნავენ, განსაკუთრებული პრობლემა სპეციალისტების მოძიებისას მათ ზაფხულის პერიოდში შეექმნათ. დეფიტიცის გამომწვევ მიზეზებს შორის ერთ-ერთ ფაქტორად ის გარემოება სახელდება, რომ ჰორეკა სექტორში დასაქმებულთა ნაწილმა სხვა დარგებში გადაინაცვლა, ასევე მათი ნაწილი სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა.

„პანდემიის დაწყების შემდეგ ბევრი სასტუმრო და რესტორანი დაიხურა და უამრავი ადამიანი უმუშევარი დარჩა. შესაბამისად, მათმა ნაწილმა სხვა სამსახური იშოვა, ნაწილი კი საზღვარგარეთ წავიდა. ამ ყველაფერმა მუშახელის რაოდენობა ჩვენს სექტორში საგრძნობლად შეამცირა. გასათვალისწინებელია ხელფასების ფაქტორიც და ის გარემოებაც, რომ ჰორეკა სექტორში შემოსავლები  შემცირებულია. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია კადრების ნაკლებობა გვაქვს“,- განაცხადა Inn Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ერეკლე კოკაიამ „ბიზნეს ფორმულასთან“.

ამასთან, ManpowerGroup-ის კვლევის მიხედვით შრომის ბაზარზე შექმნილი დეფიციტის ფონზე კადრების მოსაზიდად დამსაქმებლებს დასაქმებულებისთვის სულ უფრო მეტი სარგებლის შეთავაზება უწევთ. მათ შორისაა გაზრდილი ხელფასები, ტრენინგები, მოქნილი სამუშაო საათები.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ