LIVE
ვიდეო
21 სექ, 2021 19:20
რეგულაციები ფარმაცევტულ ბაზარზე - რას გეგმავს მთავრობა
1152

პრემიერ-მინისტრი ფარმაცევტულ ბაზარზე მოსალოდნელ რეგულაციებსა და მედიკამენტების გაიაფების საჭიროებაზე კიდევ ერთხელ საუბრობს. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სფეროში ევროპული რეგულაციების შემოღება იგეგმება.

თავად ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ წამლის შესახებ ახალ კანონმდებლობაზე მუშაობა დასკვნით ფაზაშია. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განუცხადა, ახალი კანონის მთავარი მიზანი ბაზარზე ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების გაჩენა იქნება.

რაც შეეხება ამ მიზნის მიღწევის გზებს, მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე არ განიხილება რეგულაციების ისეთი მექანიზმები როგორიცაა მაგალითად, ფასთა პირდაპირი რეგულირება. თუმცა თამარ გაბუნია ადასტურებს, რომ გარკვეული რეგულაციების შემოღება მართლაც იგეგმება, მათ შორის პოლიფარმაციის, ანუ საჭიროზე მეტი მედიკამენტების დანიშვნის პრობლემის აღმოსაფხვრელად.

„ფასის რეგულირების ნაწილში ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ამ პროცესს სერიოზული ანალიზი სჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია იყოს და მომხმარებელს ფართო არჩევანი ჰქონდეს. ასევე აუცილებელია, რომ მედიკამენტები რაციონალურად ინიშნებოდეს. ეს ასპექტები გათვალისწინებული იქნება ახალ კანონმდებლობაში, რომლის მიზანიცაა, რომ წამლები მეტად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი იყოს",- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. 

ცნობისთვის, მედიკამენტებზე არსებულ მაღალ ფასებზე პრემიერ-მინისტრი გასულ პერიოდშიც საუბრობდა. პრემიერი აცხადებდა, რომ ქვეყანაში წამლების ფასები ძალიან გაზრდილია და ამ მიმართულებით უმოკლეს დროში უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ