LIVE
ვიდეო
21 სექ, 2021 11:30
Moody’s-მა საქართველოს რეიტინგი Ba2-ზე შეუნარჩუნა
1147

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს რეიტინგი Ba2-ზე, ხოლო პერსპექტივა - სტაბილურზე შეუნარჩუნა.

Moody’s-ი აღნიშნავს, რომ რეიტინგისა და პერსპექტივის "სტაბილურზე" შენარჩუნება განპირობებულია ფისკალური და მონეტარული ინსტიტუტების არსებული განვითარებით, რომელმაც პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ ვარდნაზე მაკროეკონომიკური პოლიტიკის ეფექტური რეაგირება გახადა შესაძლებელი.

2020 წელს 6.2%-იანი კლების შემდეგ, მიმდინარე წელს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია საქართველოს ეკონომიკის 7.3%-იან ზრდას ელის. გასულ წელს მშპ-ს კლებას კი ტურიზმის სექტორის კოლაფსითა და პანდემიის გამო დაწესებული "ლოქდაუნებისა" თუ შეზღუდვებით ხსნის. 

Moody's-ს ინფლაციის მიმდინარე 12.8%-დან ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებლამდე შემცირების მოლოდინი აქვს მას შემდეგ, რაც დროებითი ფაქტორები ამოიწურება და მკაცრი მონეტარული პოლიტიკა საერთაშორისო სასაქონლო ჯგუფების ფასებისა და მიწოდების შეზღუდვების გავლენას გადაწონის.

Moody’s ფისკალური პარამეტრების გაუმჯობესებასაც ელის და წერს, რომ მას შემდეგ, რაც დეფიციტმა პიკს (მთლიან შიდა პროდუქტთან 9%-ს) მიაღწია, მიმდინარე წელს ფისკალური დეფიციტი 5.3%-მდე შემცირდება. 

Moody’s აღნიშნავს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური უთანხმოება საფრთხეს უქმნის საკრედიტო რეიტინგს. როგორც სარეიტინგო კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო დროს დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც მმართველმა პარტიამ უარი თქვა ევროპარლამენტის მონაწილეობით მიღებულ შეთანხმებაზე. ამან ასევე გაზარდა ნეგატიური ზემოქმედების რისკი საქართველოს ურთიერთობებზე საკვანძო ტექნიკურ და ფინანსურ საერთაშორისო პარტნიორებთან.

ამას გარდა, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია საქართველოში რეფორმების გაგრძელებას ელის იმ პირობებშიც კი, თუ პოლიტიკური დაძაბულობა გაგრძელდება. საუბარია რეფორმებზე ისეთ სფეროებში როგორებიცაა განათლება და სახელმწიფო საწარმოები.

შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის (19 აპრილის) შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნების შედეგების მიუხედავად, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ