LIVE
ვიდეო
09 სექ, 2021 17:30
უძრავი ქონების სექტორში FDI 26%-ით შემცირდა
1508

უძრავი ქონების ბაზრის საინვესტიციო მიმზიდველობა მცირდება. სექტორი ერთ-ერთია იმ დარგებიდან, რომელშიც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა, კლება 26%-ია.

კერძოდ, ექვს თვეში უძრავი ქონების ბაზარზე განხორციელებულმა ინვესტიციებმა 43 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 15 მლნ-ით ნაკლებია 2020 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით. 

ინვესტიციები შემცირებულია მშენებლობის დარგშიც. სექტორის წარმომადგენლები გაუარესებულ მაჩვენებლებს პანდემიით გამოწვეული კრიზისითა და დარგისთვის დაწესებული რეგულაციებით ხსნიან. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ მენაშენეთა ასოციაციაში განუცხადეს, მოსალოდნელია, რომ ბაზარზე შექმნილი ვითარების გამო მომავალში სექტორში ახალი პროექტებიც შემცირდება.

„ინვესტიციების შემცირება რამდენიმე მიზეზით აიხსნება. ესაა ზოგადად ქვეყანაში არსებული არასტაბილური პოლიტიკური ვითარება. ასევე ის გარემოება, რომ პანდემიის გამო შექმნილი კრიზისის ფონზე უძრავი ქონების ბაზარზე შემცირებულია მოთხოვნაც. თუკი მყიდველების რაოდენობა მცირდება, ჩვენ ცხადია, შევაჩერებთ მიწოდების ტემპს. 2008 წელს დაშვებულ შეცდომებს აღარ გავიმეორებთ და ჭარბ პროდუქციას ბაზარზე არ გამოვიტანთ“,- განაცხადა მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი როსტომაშვილმა.

რაც შეეხება უძრავი ქონების ბაზარზე რეალიზაციას, შედარებით გაუმჯობესებული ვითარების მიუხედავად, ახლადაშენებული ბინების გაყიდვები კვლავ ჩამორჩება პანდემიამდელ მაჩვენებლებს. კერძოდ, ივლისში თბილისში სულ 1 978 ახალი ბინა გაიყიდა, რაც 2%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ