LIVE
ვიდეო
23 ივლ, 2021 12:39
IMF საქართველოს მთავრობას საგადასახადო შეღავათების გადახედვისკენ მოუწოდებს
1563

"საერთაშორისო სავალუტო ფონდი" (IMF) საქართველოს მთავრობას საგადასახადო შეღავათების გადახედვისკენ მოუწოდებს. IMF ელის, რომ ამ გზით სახელმწიფო ბიუჯეტს დამატებითი შემოსავლები გაუჩნდება. როგორც ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონსმა "ბიზნეს ფორმულასთან" ინტერვიუში განაცხადა, საგადასახადო შეღავათების ნაწილი შესაძლოა, შედეგის მომტანი არ იყოს. ფონდი მთავრობისგან კონკრეტულ ნაბიჯებს წლის ბოლომდე ელის.

„რეკომენდაციით მივმართეთ მთავრობას, გადახედოს საგადასახადო შეღავათებს. ამ ნაწილში მთავრობა მხარს გვიჭერს და კონკრეტულ ნაბიჯებს მიმდინარე წელს ველით.  საგადასახადო შეღავათებს საკუთარი ფასი აქვს და უნდა დარწმუნდეთ, რომ როგორც სხვა ნებისმიერ საჯარო დანახარჯს, მასაც მოაქვს შედეგი. ამის შემდეგ დაინახავთ, რომ შეიძლება ზოგიერთი მათგანი არ იყო სწორად მიმართული და შედეგის მომტანი. საგადასახადო შეღავათების სიღრმისეული შესწავლის გზით  შესაძლებელია დამატებითი საგადასახადო შემოსავლების მობილიზება. როგორც კი პანდემია დასასრულს მიუახლოვდება, აქცენტი დეფიციტისა და ვალის შემცირებაზე უნდა გადავიდეს. საგადასახადო შეღავათების გადახედვა კი ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი გზაა.

ჩვენ ვსაუბრობთ პოსტ-კრიზისულ პერიოდზე, პერიოდზე როდესაც ეკონომიკა გაჯანსაღებას დაიწყებს. ჩვენი აზრით საჭიროა საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობის შესწავლა საიმისოდ, რომ დავინახოთ თუ რამდენად ღირს ამა თუ იმ შეღავათის არსებობა“,- ამბობს ჯემს ჯონსი. 

საგადასახადო შეღავათების გადახედვა და მათი ნაწილის გაუქმება ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას ინიციატივებს შორის სახელდებოდა. მაშინდელმა პრემიერმა დააანონსა რომ არსებული სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობას სპეციალური კვლევით შეაფასებდნენ. საგადასახადო შეღავათების გაუქმებაზე აქტიურად საუბრობდა ყოფილი ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანიც. „ბიზნეს ფორმულას“ ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამების შესაფასებლად სპეციალური კვლევა ინვესტორთა საბჭოს მეშვეობით ჩატარდა, თუმცა უწყება კვლევის გასაჯაროებაზე უარს ამბობს. როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრის შეცვლის შემდეგ, ჩატარებული კვლევა არარელევანტური გახდა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ