ვიდეო
21 ივლ, 2021 18:00
კახა კალაძის შეუსრულებელი დაპირებები
132

"ქართულმა ოცნებამ" თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა. თბილისის ამჟამინდელმა მერმა 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ ღონისძიებებზე მოსახლეობას ანგარიში უკვე წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ კალაძის დაპირებების ნაწილი შეუსრულებელი დარჩა. 

4 წელში დედაქალაქის მთავრობამ, სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად, ჯამში 4 მილიარდი ლარი დახარჯა. ამ პროექტებში ვერ მოხვდა მიწისზედა მეტროს რეაბილიტაცია, რომლის დაპირება კახა კალაძემ 2018 წელს გასცა. პროექტთან დაკავშირებით კვლევაც მიმდინარეობდა, თუმცა რამდენიმე თვის წინ თბილისის მერიაში განაცხადეს, რომ შესაძლოა, პროექტი არ შედგეს. 

დედაქალაქის მერი თბილისელებს დაჰპირდა, რომ ისნის, თავისუფლების მოედნის, რუსთაველის, მარჯანიშვილისა და წერეთლის მეტროსადგურების რეაბილიტაციაც განხორციელდებოდა, თუმცა ინფრასტრუქტურა თბილისის მეტროსადგურებში არ შეცვლილა. 

წლებია დაუსრულებელია გურამიშვილის მეტროსადგურის რეაბილიტაცია, რომელიც კალაძის წინამორბედის, დავით ნარმანიას დროს დაიწყო. მოუგვარებელია მეტროსადგურ ვარკეთილში ჩამონგრეული ჭერის პრობლემა.

მერიის დაპირება იყო ქალაქში ახალი საბაგირო გზების აშენებაც. საუბარია სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათას მთის მიმართულებებზე. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებების მოსამზადებლად მერიამ 750 ათასი ლარი გამოყო, თუმცა პროექტი ვერ შესრულდა. ამასთან, რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით საბაგირო გზის მშენებლობაზე ტენდერი სამჯერ გამოცხადდა და გამარჯვებული კომპანია ცოტა ხნის წინ გამოვლინდა.

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც თბილისის მერიამ ვერ შეასრულა "ვეფხი და მოყმის" ძეგლთან ახალი ესტაკადის მშენებლობაა, რომელიც კალაძის საარჩევნო პროგრამის ნაწილი იყო. 2019 წელს მერიამ აღნიშნა, რომ ახალი სატრანსპორტო კვანძი თბილისისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუმცა გასულ წელს გადაწყდა, რომ პროექტის განხორციელება დროში გადაიწეოდა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ