LIVE
ვიდეო
21 ივლ, 2021 15:25
გასულ წელს საქართველოში ონლაინ ვაჭრობაზე 597 მლნ ლარი დაიხარჯა
1755

საქართველოში 2020 წელს ონლაინ ვაჭრობაზე 597 მლნ ლარი დაიხარჯა. “გალთ ენდ თაგარტის” კვლევაში - “ელექტრონული კომერცია საქართველოში”, აღნიშნულია, რომ ერთი მომხმარებლის საშუალო წლიური დანახარჯი ონლაინ ვაჭრობაზე 950 ლარია, რაც 3-ჯერ ჩამორჩება ევროპის ქვეყნების მაჩვენებელს. 

კვლევის მიხედვით, COVID-19-ის გამო დაწესებულმა მობილობის შეზღუდვამ აიძულა ბევრი ადამიანი, შეეძინა პროდუქტი ონლაინ პირველად ან მეტი სიხშირით. შედეგად, ელ-კომერციის ბაზრის ზომა 2020 წელს წლიურად 3.2-ჯერ 137.9 მლნ ლარამდე გაიზარდა. 2019 წელს ონლაინ ვაჭრობაზე მხოლოდ 43.5 მლნ ლარი დაიხარჯა. ზრდა გაგრძელდა 2021 წელსაც, პირველ კვარტალში სექტორის შემოსავლები წლიურად 5.4-ჯერ გაიზარდა.

მიუხედავად ზრდისა, “გალთ ენდ თაგარტი” წერს, რომ ონლაინ გაყიდვების წილი საცალო ვაჭრობაში ჯერ კიდევ დაბალია და 1.1%-ს შეადგენს, რადგან ევროპის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 12%-ია.  

“ქართველ ონლაინ მომხმარებლებში ყველაზე პოპულარული კატეგორიაა ელექტრონიკა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და მოწყობილობები, რაც ჩვენი შეფასებით, ადგილობრივი ელ-კომერციის 65%-ს შეადგენდა 2020 წელს. ტანსაცმელი და აქსესუარები სიდიდით მეორე კატეგორიაა, 16%-იანი წილით, შემდეგ კი მოდის ავეჯი, დეკორაციული და მოსაპირკეთებელი მასალები, 8%-იანი წილით იმავე პერიოდში. ყველა კატეგორიაში არსებობს ზრდის მაღალი პოტენციალი. ელ-კომერციის წილი მერყეობს 0.5%-დან (სასურსათო და არაპეციალიზირებული მაღაზიები) 3%-მდე (ელექტრონიკის/საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ტანსაცმლის/აქსესუარების სექტორებში), რაც მიუთითებს მნიშვნელოვან პოტენციალს ელ-კომერციის ყველა ქვესექტორში”,- წერია კვლევაში.

2020 წელს საქართველოს საზღვრებს გარეთ ელ-კომერციის დანახარჯებმა 459 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, 2018-2020 წლებში ეს დანახარჯები წლიურად საშუალოდ 40.3%-ით არის გაზრდილი. 4 უმსხვილესი კომპანია: Amazon, Ebay, Taobao და Aliexpress იკავებს მთლიანი შესყიდვების 2/3-ს, თუმცა კონკურენცია იზრდება მცირე ზომის სწრაფად მზარდი კომპანიებისგან ტანსაცმლის, აქსესუარების, სილამაზისა და კოსმეტიკის სექტორებში.

რაც შეეხება მიტანის სერვისს, პანდემიურ 2020 წელს აქაც ზრდა დაფიქსირდა. “გალთ ენდ თაგარტის” ინფორმაციით, სექტორის ბრუნვამ გასულ წელს 167 მლნ ლარი შეადგინა, 3-ჯერ მეტი 2019 წელთან შედარებით.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ