LIVE
ვიდეო
21 ივნ, 2021 14:30
როდის და სად ინვესტირდება მოქალაქეების საპენსიო დანაზოგი?
1474

"საპენსიო სააგენტო" ფასიან ქაღალდებში ინვესტირების დაწყებას რამდენიმე კვირაში გეგმავს. საწყის ეტაპზე, სააგენტო ადგილობრივ ფასიანი ქაღალდების ბაზარს არ განიხილავს და დაგეგმილია უცხოურ საფონდო ბაზრებზე ინვესტირება.

როგორც "საპენსიო სააგენტოს" უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ განაცხადა, პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც სპეციალიზირებულ დეპოზიტართან შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდება.

„განვიხილავთ კაპიტალის ბაზრის სხვადასხვა ინსტრუმენტებს. ვგეგმავთ მყარი ვალუტებისა და გლობალური წილობრივი ფასიანი ქაღალდების შეძენას. ჩემი აზრით, ეს პროცესები დაახლოებით, სამ კვირას არ უნდა გასცდეს და უკვე უნდა დავიწყოთ ინტენსიური ინვესტირება, გლობალური აქციებისა და ინდექსების შეძენა, რომელშიც სხვადასხვა სექტორები და კომპანიები შედის. არ განვიხილავთ ობლიგაციების შეძენას, რადგან ეს მიმართულება დაბალი მომგებიანობით ხასიათდება. ვფიქრობთ, აკუმულირებული თანხები ჰორიზონტალურად უნდა განაწილდეს, ყველა მიმართულებით. ადგილობრივ ბაზარზე არ გვაქვს საკმარისი კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტები. შესაბამისად, ჩვენ, ძირითადად, გლობალურ აქციებს შევხედავთ. პირველ რიგში, გავაკეთებთ სავალუტო დივერსიფიკაციას, ანუ ვიყიდით მყარ ვალუტას და შემდეგ დავიწყებთ გლობალური აქციების განხილვას საინვესტიციოდ“,- განაცხადა გოგა მელიქიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სქემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა და დღეს საპენსიო ფონდში 1,5 მილიარდ ლარზე მეტი თანხაა აკუმულირებული, რომელიც, ამ დრომდე 8 ქართულ კომერციულ ბანკშია განთავსებული. საპენსიო სქემაში მილიონ 160 ათასზე მეტი მოქალაქეა ჩართული.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ