LIVE
ვიდეო
14 ივნ, 2021 16:20
კარლ ჰარცელი: ვხედავ, რომ საქართველო, როგორც ბრენდი ძლიერდება
1020

"მაქვს ძალიან მკაფიო პერსონალური მიზანი, რომ გავაკეთოთ მაქსიმუმი, რათა ევროკავშირის ბაზარზე სულ უფრო მეტი ქართული კომპანია გავიდეს",- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა „ბიზნეს ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ელჩმა საქართველოს საექსპორტო პოტენციალზე საუბრისას აღნიშნა, ნაადრევია დავასკვნათ, რომ ქართული მცირე და საშუალო საწარმოები მზად არიან ევროკავშირის ბაზრისთვის, თუმცა მისივე თქმით, არის სექტორები სადაც წინსვლაა.

„ვხედავთ წარმატების ისტორიებს, რომლებსაც გადამდები ეფექტი აქვს. ქართული ღვინო ძალიან მიმზიდველი პროდუქტია ევროკავშირის ბაზარზე. ასევე ბევრს ვმუშაობთ ქართული თაფლის პოპულარიზაციისთვის, თუმცა რიგი საკითხები უნდა გადაიჭრას, ვიდრე ეს პროდუქტი ყველა საჭირო სტანდარტს დააკმაყოფილებს და ეს პროცესი მიმდინარეობს. რაც მთავარია, უნდა ვიყოთ ამბიციურები და ანალოგიური ნაბიჯები გადავდგათ სხვა ინდუსტრიებთან მიმართებაშიც, მაგალითად ავეჯის წარმოებაში სადაც საექსპორტო პოტენციალი ძალიან დიდია“,- აღნიშნავს კარლ ჰარცელი.

მისივე თქმით, პოტენციალი დიდია არა მხოლოდ ექსპორტის, არამედ ტურიზმის თვალსაზრისითაც.

„როცა ევროპელი ჩამოდის საქართველოში და ხედავს, თუ რისი შეთავაზება შეუძლია ამ ქვეყანას, მას უყვარდება აქაურობა და უჩნდება სურვილი, დაბრუნდეს. მე ამას ვგრძნობ და ვხედავ. ვხედავ რომ საქართველო, როგორც ბრენდი ძლიერდება. აღქმაც იცვლება: ათის წლის წინ თუ იტყოდი რომ მიდიხარ საქართველოში, ეჭვის თვალით შემოგხედავდნენ და გეტყოდნენ, რომ ეს შესაძლოა სახიფათო იყოს. ახლა გეტყვიან, რომ საქართველო საინტერესოა, რომ სმენიათ, იციან ქვევრის ღვინის შესახებ, უნახავთ მთები და ზღვისპირეთი, ვენახები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. სწორედ ამიტომ, ქართულ პროდუქტს ევროკავშირის ბაზარზე უნდა ჰქონდეს საკუთარი ნიშა და ის აუცილებლად უნდა ასოცირდებოდეს მაღალ ხარისხთან“,- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ