LIVE
ვიდეო
02 ივნ, 2021 16:30
როგორი იქნება ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი?
2909

თბილისის მერია ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს აანონსებს, თუმცა დაწყების თარიღს დედაქალაქის მთავრობაში არ აკონკრეტებენ. 

თბილისის ვიცე-მერის განცხადებით, ცვლილების შემდეგ ტაქსით მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდება და ბაზარი გაძლიერდება. როგორც ირაკლი ხმალაძე აღნიშნავს, რეფორმის შესახებ ტაქსის კომპანიებთან კომუნიკაცია მიმდინარეობს. 

კომპანია "200-200"-ის დამფუძნებელი, ედუარდ ლომიძე "ბიზნეს ფორმულასთან" აცხადებს, რომ ბიზნესსა და მერიას შორის კომუნიკაცია ოთხი თვის წინ შედგა. მისი ინფორმაციით, რეფორმის შედეგად, თბილისში ლიცენზიები 5 წლის ვადით, 18 ათასამდე ავტომობილზე გაიცემა. 

" მერიასთან იყო საუბარი ლიცენზიების რაოდენობაზე, რომ ქალაქში 18 ათასი ტაქსი უნდა იყოს. ლიცენზია 5 წლის ვადით უნდა გაიცეს. გაკონტროლდებიან მძღოლები. კომპანია გააკონტროლებს სისუფთავესაც, წესრიგსაც და მძღოლის კვალიფიკაციასაც",- აცხადებს ედუარდ ლომიძე.

არასამთავრობო ორგანიზაციებში მიაჩნიათ, რომ ტაქსებში შეფასების სისტემა უნდა დაინერგოს და უკანა სავარძლებზე ღვედის გაკეთება სავალდებულო გახდეს.

ცნობისთვის, ტაქსების რეფორმა თბილისში 2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყო და ტაქსით მომსახურება ლიცენზიის გარეშე აკრძალულია. 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან კი რეფორმის შემდეგი ეტაპი ტაქსის ფერს შეეხო და მანათობლების მქონე ტაქსები მხოლოდ თეთრი ფერის გახდა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ