LIVE
ვიდეო
10 მაი, 2021 17:30
ტურიზმის სექტორი ეკონომიკის მინისტრის ოპტიმიზმს არ იზიარებს
810

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების ნაწილი ეკონომიკის მინისტრის მოლოდინს, დარგში შემოსავლების აღდგენასთან დაკავშირებით, არარეალისტურად მიიჩნევს. მათი თქმით, წელს ტურიზმის შემოსავლების 50%-ით აღდგენა მოსალოდნელი არაა.

სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში ვაქცინაციის ტემპის შედარებით დაჩქარების მიუხედავად, დარგში კვლავ არაერთი შემაფერხებელი ფაქტორი არსებობს, მათ შორის კომენდანტის საათი და ამ დრომდე ჩაკეტილი სახმელეთო საზღვრები. როგორც „ბიზნეს ფორმულასთან“ „ჰელისკი ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა განაცხადა, არსებულ პირობებში მოსალოდნელია, რომ გასული წლის მსგავსად, წლევანდელი ზაფხულის სეზონიც ჩავარდება.

“იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს და ასევე შაბათ-კვირას მასპინძლობის სექტორის აქტივობები შეზღუდულია, წარმოუდგენელია დიდი ტურისტული ნაკადების შემოყვანა შევძლოთ. მოსალოდნელია, რომ ზაფხულის სეზონი ჩავარდება და ამ პირობებში ტურიზმის შემოსავლების 30%-იანი აღდგენაც კარგი იქნება, თუმცა ამ გადმოსახედიდან ესეც არარეალისტურია“,- განაცხადა „ჰელისკი ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა, ვატო ასათაშვილმა.

ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრი ვარაუდობს, რომ წელს ტურიზმის დარგში შემოსავლები 2019 წელთან შედარებით 40-50% აღდგება. ნათია თურნავა არც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ნაწილის პროგნოზს ეთანხმება, რომლის მიხედვითაც საქართველოში ტურიზმის სექტორი სრულად 2024 წლამდე ვერ აღდგება.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან შემოსავლებმა 54 მლნ დოლარი შეადგინა, რაც როგორც 2019, ასევე 2020 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებული მაჩვენებელია.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ