ვიდეო
13 აპრ, 2021 19:15
ამ ეტაპზე მთავრობა ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვას არ გეგმავს
89

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის" მიერ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 3.5%-მდე შემცირების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ჯერჯერობით ამ მაჩვენებლის გადახედვას არ გეგმავს.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ „ბიზნეს ფორმულასთან“ განაცხადა, ამ ეტაპზე კვლავ არსებობს მოლოდინი, რომ წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4%-ის ფარგლებში იქნება. შესაბამისად მთავრობა 2021 წლისთვის კვლავ ინარჩუნებს 4.3%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს.

„სანამ გარკვეული პერიოდის ანალიზი არ მოხდება, რთულია ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადავხედოთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წელს შესაძლებელია ზრდა 4%-ის ფარგლებში იყოს. შესაბამისად, ამ ეტაპზე გადახედვა არ იგეგმება. თუკი პირველი კვარტლის ჯამური მონაცემები ამის საბაბს მოგვცემს, შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ ამ პროგნოზის გადახედვაზე“,- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ცნობისთვის, IMF-მა 2021 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.3%-დან 3.5%-მდე შეამცირა. მიზეზად ფონდი ქვეყნის ეკონომიკაზე პანდემიის მეორე ტალღის გავლენას და ტურიზმის სექტორში არსებულ ვითარებას ასახელებს.

მიმდინარე წლის ორ თვეში კი საქართველოს ეკონომიკა კვლავ კლების ტენდენციას ინარჩუნებს და იანვარ-თებერვალში ეკონომიკის ვარდნამ 8.3% შეადგინა.  

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ