LIVE
ვიდეო
12 აპრ, 2021 17:45
რას გეგმავს მთავრობა საპენსიო სესხებთან დაკავშირებით - ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება
688

პენსიების გაცემასთან დაკავშირებით ახალი ტენდერი გამოცხადდება, რომელშიც მონაწილეობის საშუალება სხვადასხვა კომერციულ ბანკებს ექნებათ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც საპენსიო სესხებზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებზე მსჯელობდნენ.

გიორგი წოწკოლაურის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო საპროცენტო განაკვეთის კონკრეტულ ზღვარს ვერ დაადგენს, გამოსავალი კი უფრო მეტად კონკურენტული გარემოს შექმნაა. ამასთან, მინისტრის მოადგილის განმარტებით, ახალი ტენდერის გამოცხადებამდე საპენსიო სესხებთან დაკავშირებულ საკითხს მთავრობა განიხილავს.

„ჩვენ რომ ხელშეკრულებაში ბანკს რაიმე ვალდებულება დავაკისროთ, რომ საპროცენტო განაკვეთი არ ცდებოდეს კონკრეტულ ზღვარს და ამით პროცენტი ხელოვნურად შემცირდეს, გამოიწვევს იმას, რომ ბანკისთვის გვექნება კომპენსაცია გადასახდელი. დღეისათვის სახელმწიფო არ ხარჯავს თანხას პენსიის დარიგებაზე და ეს არის ჩადებული ხელშეკრულებაში. კომპლექსური საკითხია, შესაბამისად, ეს ყველაფერი მიეწოდება მთავრობას და მთავრობის სხდომაზე მოხდება განხილვა, რომ ჩვენი პენსიონერები კიდევ უფრო კომფორტულად გრძნობდნენ თავს ბანკთან ურთიერთობაში. ამასთან, 2022 წელს უმთავრდება ვადა "ლიბერთი ბანკთან" კონტრაქტს. ამ პერიოდამდე ჩვენ აუცილებლად უნდა დავდოთ სწორი სატენდერო პირობები, რომელიც გახდის გარემოს უფრო კონკურენტულს. როცა 2019 წელს გვინდოდა ტენდერის გამოცხადება, აღმოჩნდა, რომ არც ერთი ბანკი არ იყო მზად ინფრასტრუქტურულად. ამიტომ ვიხელმძღვანელეთ ამ მოცემულობით, რომ გონივრული ვადა იქნებოდა 2022 წელს ჩაგვეტარებინა ტენდერი, ხოლო ვინც მოიგებს ამ ტენდერს, მას ექნება ერთი წელი დარჩენილი, რომ მოემზადოს როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე სხვა მიმართულებით. მანამდე ჩვენ ყველაფერს მივაწვდით მთავრობას და ამაზე იმსჯელებენ",- განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.

პარლამენტში გამართულ მოსმენაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა თავად „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა და განაცხადა, რომ საპენსიო სესხების განაკვეთი დაახლოებით 30%-ის ფარგლებშია, რაც მისი შეფასებით, საბაზრო განაკვეთია.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში გამართულ მოსმენაზე საპენსიო სესხებთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავდნენ, დეპუტატების ნაწილის შეფასებით, აღნიშნულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ძალიან მაღალია.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ