LIVE
ვიდეო
02 აპრ, 2021 11:27
ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდა, ყველაზე მეტად ზეთი გაძვირდა
2647

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის მარტში წლიური ინფლაციის დონემ 7.2 პროცენტი შეადგინა.

წლიური ინფლაციაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების 5.7%-იანმა ზრდამ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში. უფრო დეტალურად, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ზეთი და ცხიმი 35.8%
  • ყავა, ჩაი და კაკაო 13.7%
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 13%
  • თევზეული 12.2%
  • რძე, ყველი და კვერცხი 8.5%
  • პური და პურპროდუქტები 7.7%
  • წყალი, უალკოჰოლო სასმელები და წვენები 5%
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები 4

ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-8.6%) და ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-12%).

ბიზნესი ქვეყნაში პროდუქციის გაძვირებას მსოფლიო ბაზრებზე მომატებულ ფასებთან ერთად, ლარის გაუფასურებას უკავშირებს. როგორც დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, ივა ჭყონიამ „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას განმარტა, იმპორტირებული პროდუქტების ფასის მატებასთან ერთად, ძვირდება ადგილობრივი წარმოებაც, რადგან ერთი მხრივ, ბიზნესს წარმოებისთვის საჭირო იმპორტირებული ნედლეული უძვირდება, მეორე მხრივ, კი გაზრდილი კომუნალური ტარიფები კერძო სექტორს დანახარჯებს კიდევ უფრო უზრდის და პროდუქციის გაძვირებას აიძულებს.

„საერთაშორისო ბაზარზე ფასები გაზრდილია ისეთ პირველადი მოხმარების პროდუქტზე, როგორიცაა ხორბალი, შაქარი, ზეთი. ასევე, საკმაოდაა გაზრდილი ნავთობის ფასი. ამასთან, ადგილობრივი ბიზნესი იძულებულია დამატებით ფასები ლარის გაუფასურების გამო გაზარდოს. შესაბამისად, ინფლაცია სამწუხაროდ მზარდი იქნება და ყოველი თვის ჭრილში, კიდევ და კიდევ უფრო მეტად გაუარესდება“,- აცხადებს ივა ჭყონია.

ამასთან, წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენა იქონია საცხოვრებლის, წყლის, ელ.ენერგიისა და აირის ჯგუფში ფასების 7.6 პროცენტიანმა მატებამ. აღსანიშნავია, რომ მარტში წინა თვეებთან შედარებით, წლიური ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის დასრულებას უკავშირდება. საქსტატმა დეკემბრიდან ინფლაცია კომუნალური სუბსიდიის გათვალისწინებით დაითვალა, რამაც მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შეამცირა. 

საქსტატის მონაცემებით, მარტში წლიურ ჭრილში, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 13.6 პროცენტით. ავეჯის, საოჯახო ნივთებისა და სახლის მოვლის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12 პროცენტიანი მატება. ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე ფასები 8.9 პროცენტით გაიზარდა. ტრანსპორტის ჯგუფში კი 5.8 პროცენტით.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ