LIVE
ვიდეო
27 დეკ, 2023 19:00
რეფინანსირების განაკვეთის ნაცვლად, სესხების TIBR-ის ინდექსზე მიბმა დაწყებულია - სებ
718

რეფინანსირების განაკვეთის ნაცვლად, სესხების თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთზე ანუ TIBR-ის ინდექსზე მიბმა 2023 წლის დასაწყისიდან დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს, - ამის შესახებ "ბიზნეს ფორმულას" ეროვნულ ბანკში განუცხადეს. 

ამ დროისთვის ერთთვიანი TIBR-ის ინდექსი 9.95%-ს, ხოლო რეფინანსირების განაკვეთი ბოლო გადაწყვეტილებით 9.5%-ს შეადგენს.

სებ-ში განმარტავენ, რომ TIBR-ის ინდექსის გამოყენება რეკომენდებულია, თუმცა სავალდებულო არ არის. 

მარეგულირებელში ცვლილების მიზეზად საერთაშორისო პრაქტიკას ასახელებენ და ამბობენ, რომ ეს მექანიზმი მეტად საბაზრო და სამართლიანი ინსტრუმენტია.

"TIBR, როგორც წესი ახლოსაა რეფინანსირების განაკვეთთან, ამიტომ მომხმარებლებისთვის რაიმე არსებით ცვლილებას TIBR-ზე გადასვლა არ იწვევს. სამაგიეროდ, ის უკეთ ასახავს საბაზრო საპროცენტო განაკვეთებს, ვინაიდან TIBR ინდექსის გაანგარიშება ბაზარზე დადებული გარიგებების საშუალოს წარმოადგენს.

TIBR ანალოგიურია განვითარებულ ფინანსურ ბაზრებზე მოქმედი ინდექსების (SOFR დოლარში, ESTR ევროში) ეკვივალენტია, რომლებმაც LIBOR ჩაანაცვლეს. ამ მხრივ საქართველო იყო ერთ ერთი პირველი, ვინც ახალი მეთოდით დათვლილი ინდექსის გამოყენება დაიწყო ფინანსურ სექტორში", - აცხადებენ სებ-ში. 

"ბიზნეს ფორმულას" ინფორმაციით, სისტემური ბანკების ნაწილი უკვე ერთი თვეა TIBR ინდექსს იყენებს. 

გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის ნაცვლად, სესხების TIBR-ის ინდექსზე მიბმას განიხილავდა

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ