LIVE
ვიდეო
04 დეკ, 2023 11:10
საქართველოში წლიური ინფლაცია 0.1%-ია - საქსტატი
387

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში 0.2%-იანი დეფლაცია, ანუ სამომხმარებლო ფასების საერთო დონის კლება დაფიქსირდა, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 0.1% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნული ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1% იყო, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.8%-ით განისაზღვრა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.8%-ით. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.3%), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (5.6%), პირადი ჰიგიენა (5.2%).

ტრანსპორტის ჯგუფში ფასებმა მოიმატა 2.5%-ით. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.3%), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (2.9%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.5%).

ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.1%-ით. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმის (6.5%), ისე ალკოჰოლური სასმელების (4%) ქვეჯგუფებზე.

საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირის ჯგუფში ფასები მომატებულია 3.4%-ით. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (14.4%) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (7.4%).

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.1%-იანი კლება. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე:

  • ზეთი და ცხიმი - კლება 19.4%;
  • ბოსტნეული და ბაღჩეული - 11.7%;
  • პური და პურპროდუქტები - 9.2%;
  • რძე, ყველი და კვერცხი - 3.5%;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 2.5%.

ამასთან, ფასებმა მოიმატა შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ხილი და ყურძენი - ზრდა 12.2%;
  • ხორცი და ხორცპროდუქტები - 6.3%;
  • თევზეული - 5%;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 2.7%.
მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ