კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, წინა წლებთან შედარებით, კონკურენციის ნაწილში მიმართვიანობა გაზრდილია.
მისი განმარტებით, სხვადასხვა უწყებების მიმართ სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციები აღსრულების პროცესშია.
„გასულ წლებთან შედარებით, გაზრდილია მომართვიანობა კონკურენციის მიმართულებით და ჩვენი გადაწყვეტილებებიც. რეკომენდაციები, რომლებიც გაცემულია სხვადასხვა უწყებების მიმართ, აქტიური აღსრულების პროცესშია. ამის ძალიან კარგი მაგალითია ფარმაცევტულ ბაზარზე გაცემული ჩვენი 13 რეკომენდაცია. საქართველოს პრემიერმინისტრის ინიცირებით და ჯანდაცვის სამინისტროს აქტიური პოლიტიკის განხორციელებით, მათი დიდი ნაწილი იმპლემენტირებულია რეალურ ცხოვრებაში. ეს ასახულია თითოეულ მოქალაქეზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ მედიკამენტების ფასები რიგ მიმართულებებზე მნიშვნელოვნად შემცირებულია“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ
მისივე ინფორმაციით, წლის ბოლომდე 3 მოკვლევის შედეგები გამოქვეყნდება, ესენია: ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევა, სწრაფი კვების ბაზრისა და კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზრის მოკვლევა.