LIVE
ვიდეო
14 ნოე, 2023 12:45
დომინანტური მდგომარეობა, ინტერესთა კონფლიქტი - საბანკო დაზღვევის მონიტორინგის შედეგები
425

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საბანკო დაზღვევის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა. შედეგად ირკვევა, რომ 1 კომერციული ბანკის საბაზრო წილი 40%-ს აღემატება, რაც დომინანტურ მდგომარეობაზე მიანიშნებს. დამატებით კიდევ ერთი ბანკის  წილი კი დომინანტური მდგომარეობის ზღვარზე გადის. სააგენტომ 2020-2022 წლებში 15 კომერციული ბანკი შეისწავლა.

სააგენტო მიიჩნევს, რომ სადაზღვევო კომპანიებს შორის პირდაპირი თუ არაპირდაპირი კავშირების შედეგად შესაძლოა იკვეთებოდეს ინტერესთა კონფლიქტი. ამის საფუძველზე კი მომხმარებელმა შესაძლოა შეუსაბამო პროდუქტის შეთავაზება მიიღოს.

„კომერციულ ბანკებს და სადაზღვევო კომპანიებს შორის არსებულ სტრუქტურულ პირდაპირ/არაპირდაპირ კავშირის შედეგად, ისევე როგორც კონკრეტული „ანაზღაურების სქემების“ არსებობისას, შესაძლოა სახეზე იყო ინტერესთა კონფლიქტი, რის შედეგადაც შესაძლოა მომხმარებლისთვის მოხდეს იმ სადაზღვევო კომპანიის პროდუქტის შერჩევა/შეთავაზება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა არ იყოს მომხმარებლისთვის საუკეთესო არჩევანი“,  - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

ზოგადი შეფასებით, საკრედიტო პროდუქტების ბაზარი მაღალკონცეტრირებული და სტაბილურია. ასე ხასიათდება მსხვილი ეკონომიკური აგენტებს შორის წილობრივი განაწილებაც.

სააგენტოს ცნობით, საკრედიტო პროდუქტების მიწოდებას 15 კომერციული ბანკი ახორციელებდა, ამასთან, 10 ბანკი მომხმარებლებს სადაზღვევო პროდუქტებსაც სთავაზობდა. აქედან 2 უმსხვილესი კომერციული ბანკის საერთო საბაზრო წილი, განსახილველ პერიოდში, სტაბილურად მაღალი იყო, ინდივიდუალურ დონეზე კი ასევე სტაბილური პროცენტული მაჩვენებელი ჰქონდა.

სააგენტომ ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით სავალდებულო 6 რეკომენდაცია გასცა:

  1. საკანონმდებლო დონეზე ჩამოყალიბდეს 3 სადაზღვევო კომპანიის შერჩევის კონკრეტული კრიტერიუმები, რისი გამოყენების ვალდებულებაც ექნება კომერციულ ბანკს შერჩევის პროცესში.
  2. შერჩევის კრიტერიუმების საკანონმდებლო დონეზე რეგულირების შემდეგ, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელდეს კომერციული ბანკების მხრიდან ჩატარებული შერჩევის პროცესის განგრძობადი მონიტორინგი და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მოხდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება.
  3. საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს ინტერესთა კონფლიქტის არსებული/შესაძლო შემთხვევები, რათა გამოირიცხოს მისი შესაძლო ნეგატიური გავლენა ბაზარზე/კონკურენტულ გარემოზე.
  4. განხორციელდეს შერჩეული 3 სადაზღვევო კომპანიის შეთავაზების მონიტორინგი - თუ რამდენად სწორად აწვდის კომერციული ბანკი მომხმარებელს ინფორმაციული არჩევანის შესაძლებლობას.
  5. მნიშვნელოვანია საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს მომხმარებლის უფლება - საკრედიტო პროდუქტის მოქმედების პერიოდში, ნებისმიერ დროს შეცვალოს სადაზღვევო კომპანია.
  6. სააგენტოს პოზიციით მნიშვნელოვანია ბაზარზე შეიქმნას სათანადო პირობები, რათა გარანტირებული იყოს მომხმარებლის სათანადო ინფორმირება, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს დამატებითი კონკურენტული წნეხის შექმნას შესაბამის ბაზარზე. ამ მიზნით, სააგენტო მიიჩნევს, რომ დარგის მარეგულირებელმა უნდა შეიმუშაოს ან/და ხელი შეუწყოს სპეციფიკური ციფრული პლატფორმის შემუშავებას, სადაც კომერციული ბანკების მხრიდან უნდა განთავსდეს ხელშეკრულების მინიმალური მოთხოვნების შესახებ აუცილებელი ინფორმაცია, ხოლო სადაზღვევო კომპანიები ამ პირობების შესაბამისად შეძლებენ ფასის შეთავაზებას.

ცნობისთვის, სააგენტომ მონიტორინგი გასულ წელს „დაზღვევის კავშირის“ მიმართვისა და საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ