Starlink-ის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია.
Starlink-ის ვებგვერდის თანახმად, სერვისის საფასური განსხვავებულია ფიზიკური პირებისთვის და კომპანიებისთვის. ორივე შემთხვევაში, მსურველებმა ინტერნეტპაკეტი Starlink-ის ვებგვერდზე უნდა შეიძინონ.
საცხოვრებელ სივრცეში, პირადი მიზნით, სერვისით სარგებლობისთვის ინტერნეტის მიმღები მოწყობილობის ღირებულება 1 780 ლარია, რასაც შიფინგის 235 ლარი ემატება. სერვისის ყოველთვიური საფასური კი 160 ლარია.
მობილური ინტერნეტის შემთხვევაში, დაფარვის არეალის მიხედვით, ფასი თვეში 200-დან 832 ლარამდე მერყეობს.
Starlink-ის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით სარგებლობა გემზეც შესაძლებელია. ამ შემთხვევაში, ინდივიდუალური პირებისთვის მობილური ინტერნეტის საფასური თვეში 540-დან 16 643 ლარამდე მერყეობს.
რაც შეეხება ბიზნესისთვის ინტერნეტის ფასს, ამ შემთხვევაში, აპარატი 8 321 ლარი ღირს, მომსახურების საფასური თვეში კი 708 ლარიდან იწყება. ეს პაკეტი განკუთვნილია მცირე და საშუალო კომპანიებისთვის, სადაც 5-10 ადამიანი მუშაობს. მათ წვდომა 1 ტერაბაიტ ინტერნეტზე ექნებათ. 10-20 ადამიანისგან შემდგარი ბიზნესისთვის ინტერნეტის საფასური 1 404 ლარია და ის 2 ტერაბაიტ ინტერნეტს მოიცავს. 6-ტერაბაიტიანი პაკეტით სარგებლობა 4 189 ლარი ღირს და ის განკუთვნილია 20+ ადამიანისთვის.
Starlink მომხმარებლებს 30-დღიანი საცდელი ვადით სარგებლობის საშუალებას აძლევს. საიტზე მითითებულია, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ, უკმაყოფილო მომხმარებელს თანხა აუნაზღაურდება.
Starlink-ის ინტერნეტის მისაღებად არ არის საჭირო მსხვილი ინფრასტრუქტურა. საჭიროა მხოლოდ დენის წყარო და მიმღები მოწყობილობა.
Starlink-ი უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტკავშირი ძვირადღირებული, დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. SpaceX-ს დღეისათვის 2700-ზე მეტი Starlink-ის დაბალ ორბიტალური (LEO) თანამგზავრი ჰყავს გაშვებული.
საქართველოში Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალმთიან რეგიონებში და ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია.