"ბიზნეს ფორმულა" საქართველოში Binanace-ის რეგიონულ წარმომადგენლებს დაუკავშირდა, რათა გაერკვია, რაიმე გავლენა ხომ არ ექნება აშშ-ის ფინანსური მარეგულირებლების მიერ წამოწყებულ გამოძიებას ქართველ მომხმარებლებსა და მათ აქტივებზე.
Binance-ის განცხადებით, "ის მოვლენები რაც ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვითარდება, კრიპტობირჟის საქართველოში ოპერირებას ხელს არც ერთ შემთხვევაში არ შეუშლის. მათი თქმით, კრიპტოპლატფორმა სტაბილურია და თითოეული აქტივი ერთი-ერთში დაცულია," - ნათქვამია "ბიზნეს ფორმულასთვის" მიწოდებულ განცხადებაში.
რაც შეეხება გლობალურ მოვლენებს, Binance აცხადებს, რომ აშშ-ის ფინანსური მარეგულირებლის მიტანილი იერიში უდიდესი კრიპტობირჟების წინააღმდეგ ინდუსტრიას კიდევ უფრო მერყევს ხდის, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ერთი მხრივ, მის სანდოობასა და, მეორე მხრივ, სტაბილურობას. მიუხედავად ამისა, Binance და Coinbase-იც ყველა ბრალდებას უარყოფენ და ამბობენ, რომ კანონდარღვევა არ ჩაუდენიათ.
"ჩვენ იმედგაცრუებული ვართ, რომ SEC-მა საჩივრის შეტანა არჩია Binance-ის წინააღმდეგ, ვუერთდებით იმ სხვა უამრავ კრიპტო პროექტს, რომელთა წინაშე ეს გამოწვევა უკვე დგას, ჩვენ დავიცავთ ამ ბიზნესსა და ინდუსტრიას. თავიდანვე ვთანამშრომლობდით SEC-თან გამოძიებების ყველა ეტაპზე, მაგრამ მარეგულირებელმა პროცესის ცალმხრივად წარმართვა ამჯობინა. ჩვენ უარვყოფთ ბრალდებას, რომ Binance მუშაობდა, როგორც ფასიანი ქაღალდების არარეგისტრირებული ბირჟა ან უკანონოდ ახორციელებდა ფასიანი ქაღალდების გაყიდვას. მიუხედავად ყველაფრისა, SEC-ის ასეთ ქმედებებს შესაძლოა ნეგატიური გავლენა ჰქონდეს ინდუსტრიასა და მომხმარებლებზე. Binance-ისთვის მომხმარებლის უსაფრთხოება ყოველთვის იყო უმთავრესი, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავაგრძელოთ ჩვენი მომხმარებლების უსაფრთხოების დაცვა. ხოლო ნებისმიერი ეფექტი კი, რაც ელის ინდუსტრიას, იქნება SEC-ის გადაწყვეტილების შედეგი," - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, აშშ-ის საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისია (SEC) კრიპტობირჟა Binance-სა და მის აღმასრულებელ დირექტორს, ჩანგპენგ ჟაოს ფასიანი ქაღალდების წესების დარღვევის გამო უჩივის; ამასთან SEC-მა ამავე კვირას კიდევ ერთ კრიპტობირჟას Coinbase-ისს უჩივლა.